მთავარი გალერეა ბათუმი მატარებელი ბლოგი გააზიარე
ჯაზ-მატარებელი
EXTRაქტი
16 Dec, 2018
გააზიარე
სწრაფად გარბის დრო მეთქი, დამჩემდა... მაგრამ მერე ამ გაქცეული დროის ნაკვალევს რომ გადახედავ, თითქოს, დრო არც დაძრულა - ისევ იქაა, სადაც იყო, უფრო სწორედ, სადაც ჩვენ ვიყავით... განსაკუთრებით, იქ ჩერდება, სადაც გაოცდი, რაღაც სიახლეს გადაეყარე, უბრალოდ - გახსოვს!
გასული თვე კი იმდენად განსაკუთრებული გამოდგა, ღირს დროის შეჩერებად და სანამ საახალწლო გაწამაწიისთვის ხელებს დავიკაპიწებდეთ, თიბისური ნოემბრის ამბების - ჯაზის, რაგბის, ბიზნეს დაჯილდოების და ბევრი სხვა “გამარჯობის” შეჯამებად.
***
უფრო ადრე, ოქტომბერში, კამპანია #მოდიაქ - ირაკლი ჩარკვიანის ჰიტის 12 მუსიკალური ინტერპრეტაციით გაგრძელდა. გამოხმაურება, აქაც, როგორც მანამდე 12 ცეკვის სტილზე, იმდენად დიდი იყო, რომ ბუნებრივად გადაინაცვლა ნოემბერში და ყველა მომდევნო ამბავსაც თავისებური ელფერი მიანიჭა - უფრო თამამი მოწოდებით, #გამარჯობა, “ვინც არ უნდა იყო” და “მოდი აქ”!

კადრები კომპანია Holmes & Watson-ის მიერ დამზადებული ვიდეო-რგოლებიდან
ერთი წუთით! ჯაზ-ფილოსოფია ნორჩი პიონერისგან:
რა არის ჯაზი - მუსიკა, მთელი ცხოვრება, არსებითი, ხანდახან ზედსართავი სახელი, თუ ცხოვრების სტილი?! ჯაზია, ალბათ, როცა ცნობიერ/არაცნობიერ გამოცდილებას ერთ მექანიზმად აამუშავებ უწყვეტ იმპროვიზაციაში რომ გადაეშვა, ყველა უჯრედით შეიგრძნო სიცოცხლე და იმდენად აივსო ემოციებით, თავისუფლებით, რომ გადამდებიც გახდე და სხვებიც აიყოლიო... ვგონებ, ჯაზ-მატარებელიც ამისთვის ააგუგუნეს...
- ვაი-ფაი?
- არის!
- წყალი?
- არის!
- გზამკვლევი?
- არის!
- საუზმე?
- მოგართმევთ!
გამცილებლები და თიბისელები ერთმანეთს ეჯიბრებიან ჩვენს ზრუნვა-დაკვალიანებაში და შემდეგი რამდენიმე საათით კარგი განწყობით გვატუტუცებენ. საუზმეს მიტარბის უალკოჰოლო მოჰიტოებით ვაგრძელებთ
და ერთ-ერთ გაჩერებაზე “რედ-ბულიც” გვიერთდება, დასაფრთიანებლად.
კიდევ ერთი წუთით! ახლა, ლექსადა:
აქანე, ბაქანზე, ატყდა ქაქანი
ჯაზ-მატარებელი ჩამოდის გაგანით,
არიქა ბიჭებო, საყვირი, გიტარა,
ლუდი და ვისკი! წვენები! ჩქარა!
 
 
ანუ, ხარაგაულის “დიდ” გაჩერებას მივადექით. აქ, იმპროვიზირებული ჯაზ-მუსიკითა და მსუბუქ-ძლიერი ალკოჰოლური სასმელებით შევზარხოშდით ადგილობრივებთან ერთად
 
 
და 20 წუთის შემდეგ, ისევ ვაგრძელებთ გზას.
 
 
- მოიცა, ქვინსის ბიოგრაფიას ვკითხულობ!
- მაგას ვერ მორჩები მომავალ წლამდე! ფოტოებს ვიღებთ!
“მაზალო” აქსესუარები ჩამოვიფხატეთ, კბილები დავკრიჭეთ და წავიდა “ანაზდა-ფოტოების” ჩხაკა-ჩხუკი. განსაკუთრებით, ულვაშები და აბრჭყვიალებული შლიაპები მოვიხდინეთ, ჰავაის ყვავილებიან გულსაკიდებთან ერთად.
ფოტო-სესია, თანდათან, იმპროვიზირებულ მუსიკაში გადაიზარდა - დაფდაფებითა და ხუჭუჭა დუდუკებით მომავალი ფესტივალის გმირების ჰიტების შესრულებით.
ესეც ასე - ქვინსი, მაილსი, ფროდიჯი, მეისი გრეი გადავიმეორეთ!
- რატო გავჩერდით?
- უკვე ბათუმში ვართ!
დროის შეგრძნება სულ დამკარგვია და რა მაგარი იქნებოდა, მსგავსი რეისები ყოველდღე რომ გადიოდეს?!
შემდეგი ამბები უკვე ჯაზ-ფესტივალიდან!