მთავარი გალერეა ბათუმი მატარებელი ბლოგი გააზიარე
შავი ზღვის ჯაზი - ქვინსი ჯონსი და გამბოს მსოფლიო ვარსკვლავები
EXTRაქტი
16 Dec, 2018
გააზიარე

თუ გაქვს მიზანი და ფეხდაფეხ მიყვები გულის კარნახს, უკან ნუ მოიხედები. შესვენე მხოლოდ იმ დროს, როდესაც შენი საქმის უხუცესები წარმატებას მოგილოცავენ და შენთან ერთად იზეიმებენ. მაშინ მიხვდები, რომ სწორ გზაზე დგახარ და ორმაგი ძალით გააგრძელებ სვლას.

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის სულის ჩამდგმელებსაც ჰქონდათ მიზანი, ბევრისთვის წარმოუდგენელი და შესაბამისად, რთულად მისაღწევი... დღეს, უკვე მეათედ შეჩერდნენ მილოცვების მისაღებად, მათ შორის ამ საქმის ყველაზე გამორჩეული “უხუცესისგან”.
14:45
ბათუმში ჯაზ-მატარებელმა ჩამოგვიყვანა. თბილისურ საცობს - ზაფხულის ზღვასა და მუსიკალურ თავგადასავლებს დადევნებულს - აქეთ გადმოუნაცვლია. წარმატებული დაბინავბა/მოწესრიგების შემდეგ, კორტებისკენ დავიძარით, სადაც სულ მალე შავი ზღვის სანაპიროს ყველაზე დიდი დღესასწაული შავი ზღვის ჯაზფესტივალი 2016 | Black Sea Jazz Festival დაიწყება.
19:30
მზით გაჟღენთილი ფესტივალის ტერიტორია მზადაა სტუმრების მისაღებად - სახელობითი მაღაზია, ფოტო-კუთხეები, #hellojazz კუნძული, #გამარჯობა სკვერები, ჩამწკრივებული ბარები, მობილიზებული კადრები, ეკრანები, განათება... მთავარ შესასვლელთან ბილეთმომარჯვებულთა ჩოჩქოლია. კარები სულ მალე გაიხსნება.
სცენაზე “საუნდჩეკს” წლევანდელი ფესტივალის ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებელი გადის. ჯეიკობ კოლიერი, რომელიც 21 წლის ასაკში ჯაზის ახალ მესიად მონათლეს [Guardian]. ჯერ არაფერი ვიცი მის შესახებ, გარდა იმისა, რომ საოცარ წარმოდგენას გვიმზადებს.
21:00
ზემოთ, ყველაზე გამორჩეული “უხუცესი” ვახსენე. დღეს, ფესტივალის პირველი მომლოცველი სწორედ ის არის - მსოფლიო ჯაზის ლეგენდა, მისი უდიდებულესობა - ქვინსი ჯონსი, დიდი “Q”, რომელიც, ამ საღამოს, მისთვის გამორჩეულ სამ შემსრულებელს წარმოადგენს.
ეკრანზე ქვინსის მოღვაწეობის გამორჩეული კადრების ვიდეო-კოლაჟი ციმციმებს და გასაგები ხდება, რომ ის ალბათ, ერთადერთი ადამიანია, რომლის ცხოვრება და შემოქმედებითი კარიერა ყველაზე მეტ ისტორიას ყვება ბოლო 60 წლის მუსიკისა თუ გართობის ინდუსტრიის განვითარებაზე. მის მეგობრებსა და თანამოაზრეებში კი ალბათ მსოფლიოს ყველა ვარსკვლავი მოიაზრება.
- რეკორდული, 79 გრემის ნომინაცია და 27 გრემის მფლობელი!
- მეოცე საუკუნის, ექვსიდან ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჯაზ-შემსრულებელი!
- ყველა დროის საუკეთესო ალბომის, მაიკლ ჯექსონის “Thriller”-ის პროდიუსერი!
შესაბამისად, სადაც ქვინსია იქ, სულ მცირე, კარგი მუსიკაა!
ქვინსის პიროვნულ თვისებებზე თუ პირად ცხოვრებაზე კი უამრავ სათავგადასავლო, ფანტასტიკის თუ რომანტიულ-საგმირო ფილმსაც გადაიღებდა, თუნდაც - კლინტ ისტვუდი.
დღესდღეობით, ის მენტორობას უწევს მსოფლიო მუსიკის ამომავალ ვარსკვლავებს. ქვინსის ხელდასმულობა უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს.
21:15
ქვინსი სცენაზეა. ქართულად გვიხდის მადლობას და გამბოს მსოფლიო ვარსკვლავებიდან პირველ შემსრულებელს - ჯეიკობ კოლიერს წარადგენს.
“ამ ადამიანის დახასიათებაც კი მიჭირს. 60 თუ 65 წელია, რაც მუსიკაში ვმოღვაწეობ და მსგავსი არაფერი მინახავს... რამდენჯერაც შევხედავ, ვერ ვიჯერებ, რომ ერთ ადამიანს შეუძლია ასეთი მუსიკის კეთება.
თითქმის ყველა ინსტრუმენტზე უკრავს, თან მღერის, მე მას ვერ ვეწევი. არ მინდა, რომ დაიკარგოს და ეს შეუძლებელიც იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ისეთივე რეაქცია ექნება მასზე, როგორც მე!”
სცენაზე კი იმდენი ინსტრუმენტი დგას, მთელ ორკესტრს ეყოფოდა: როიალი, კლავიშები, გიტარა, ჩელო, ბასი, მელოდიკა, პერკუსია, სინთეზატორი, ეს რასაც ვაფიქსირებ... ყველაფერი რაღაც ხრიკებით ერთმანეთთან, ჯეიკობის ვოკალთან და შემდეგ ეკრანთან დაკავშირებული, ცოცხალ შესრულებასთნ ერთად, ციფრულ წარმოდგენასაც ქმნის -
დაწყებული ბიტბოქსიდან, დამთავრებული მრავალხმოვანი ჰარმონიებით, ბევრი ჯეიკობის სახე ერთდროულად სხვადასხვა ტონალობაში ამღერებული, ბევრი ჯეიკობი სხვადასხვა ინსტრუმენტებით... დროდადრო, თავს იმაზე ფიქრში ვიჭერ, თუ რა ჯადოსნური ვიდეო ტექნოლოგიებია გამოყენებული? რომელ ხმას უშვებს თვითონ და რომელია სინთეზირებული?
“მარველ”-ის კომიქსებისთვის მზა სუპერ-გმირია - ბენდმენი! ეპითეტები ბევრი შეაგროვა ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა Youtube-ზე საკუთარ ოთახში გადაღებულ ვიდეოებს ტვირთავდა. ერთ-ერთი ვიდეო დიდ “Q”-საც ანახეს და სულ მალე თანამშრომლობაც დაიწყეს.
22:30
ქვინსი ჯონსი შემდეგ შემსრულებელს გვაცნობს - ალფრედო როდრიგესის ტრიო [Alfredo Rodriguez].
“ალფრედო როდრიგესი 10 წლის წინ გავიცანი Montreux Jazz Festival-ზე. კუბური მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი შემსრულებელია!.. თავიდანვე გააზრებული ჰქონდა, რომ ემოციების ბოლომდე გამოსახატად ცოდნა და ხელოვნების დახვეწაა საჭირო. ეს კი დიდი შრომის შედეგად მიიღწევა. ამიტომაც, დღეში 14 საათი ვარჯიშობს! საოცრად თავმდაბალი, გონებაგახსნილი ადამიანია და შვილივით მიყვარს...”
სცენის მომზადებისთვის საჭირო ანტრაქტის შემდეგ, ეკრანზე ალფრედო როდრიგესის ტრიოს ახალი ალბომის - “Tocororo”-ს, კუბის ეროვნული ფრინველის საიმიჯო ვიზუალი ჩნდება. ტოკორორო კუბის ეროვნული ფრინველი ყოფილა - თავისუფლების სიმბოლო.
ალფრედო, თავად პიანისტი და კომპოზიტორი, ბენდის დანარჩენ ორ წევრს წარმოგვიდგენს - პერკუსიონისტი მაიკლ ოლივერა კუბიდან და ბასისტი მუნირ ჰოსონი ბრაზილიიდან და ტოკოროროც გამოთავისუფლდა აცეკვებულ სტუმრებთან ერთად. კუბური რითმების ენერგიული შესრულება თავბრუს გვახვევს, დიდ ეკრანზე ალფრედოს თითების ელვისებურ მოძრაობას თვალს ვერ გააყოლებ. ზღვის სანაპირო, სიცხე, ჩახუჭუჭებული ბიტები, სიძლიერისა და გრძნობების დახვეწილი თუ ფეთქებადი გამოხატულება და ჰავანას რეალობაც ადვილად პროეცირდება წარმოსახვაში.
მარადმწვანე “გუანტანამერა”-ს მისეულ ვერსიასაც გვთავაზობს და ნაცნობი მელოდიის ნოტებზე ოვაცია უფრო მეტად ხურდება. ალფრედო თითქოს პიანინოსთან ლევიტირებს, არც ზის, არც დგას... თითქოს ეჩქარება ამბის მოყოლა, ეცეკვება, ემღერება, ეზეიმება, ემადლიერება!
00:30 (დაახლოებით)
- “ნამდვილი მონსტრია, მონსტრი, მონსტრი!”
ამ სიტყვებით გვაცნობს დიდი მაესტრო საღამოს გვირგვინს - რიჩარდ ბონას [Richard Bona] კამერუნიდან და მის პროექტს “Mandekan Cubano”.
ბონა სცენაზე საქართველოს დროშას აფრიალებს და ისიც ქართულად გვეგებება. მისი მუსიკის მოყვარულები მას აფრიკელ სტინგს ეძახიან, ქვინსი ჯონსი კი - აფრიკელ ჯეიმს ბეიკერს - “ის სრულიად წარმოუდგენელი არტისტია, 360-ივე გრადუსით!”
ყოველთვის ვამბობ, რომ საუკეთესო მუსიკა მსოფლიოში კუბური მუსიკაა, რომელიც თავის მხრივ ორუბადან მოდის და ბრაზილიური, რომლის ფესვებიც ანგოლაშია. ასე რომ, ჩემთვის ოცნების ახდენასავით იყო ისეთი კამერუნელი შემსრულებლის აღმოჩენა - თან, მეთვითონაც კამერუნელი ვარ - რომელიც აფრო-კუბურ ალბომზე მუშაობდა!”- შედეგად, უკვე 7-წლიანი უწყვეტი თანამშრომლობა, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა და უამრავი ერთობლივი მუსიკალური პროექტი.
ეს საღამო, გართობასთან ერთად, ბევრისთვის შემეცნებითიც იქნებოდა. თითოეულმა გამომსვლელმა მსმენელს ემოციებთან ერთად მსოფლიო მუსიკის, განსაკუთრებით კი ჯაზის მრავალფეროვნება დაანახა. ისეთი ჯაზის, თავის თავში დასავლეთ აფრიკის გათავისუფლებული მონების სულსაც რომ ინარჩუნებს, მაგრამ, ამავდროულად, აქამდე მოსაღწევ გზაზე გადამხდარ თავგადასავლებზეც ყვება... ყველასთვის ღიაა, მხოლოდ თავად უნდა გაიხსნა მისთვის და იქნებ საკუთარი ფესვებიც აღმოაჩინო...
ეს საღამო დიდი წარმატების ისტორიაცაა. აი, იმ წარმატების, უხუცესებიც რომ აღნიშნავენ!