მთავარი გალერეა ბათუმი მატარებელი ბლოგი გააზიარე
მის ლორენ ჰილი
EXTRაქტი
16 Dec, 2018
გააზიარე
***
იმ თაობის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დღეს, ფესტივალის ტერიტორიაზე სრულ ანშლაგს უზრუნველყოფენ, ლორენ ჰილის შემოქმდება ყოველთვის მათ ახალგაზრდულ სულისკვეთებასთან იქნება კავშირში და რა მნიშვნელობა აქვს, რას წერენ უცხოური გამოცემები - ლორენი დაბრუნდა და დღეს, ჩვენთანაა, საქართველოში, რომ მოგვიყვეს, არა, უფრო რომ გვაგრძნობინოს რა გამოიარა ამ 20 წლის განმავლობაში, როგორ გავიზარდეთ და თან ერთად გავიხსენოთ ის დღეები, როცა ერთმანეთს მისი სიმღერები გვაკავშირებდა.
სანამ სცენაზე გამოჩნდება, DJ Rampage 90-იანი წლების სოულისა და ჰიპ-ჰოპის ჰიტებით გვქოქავს და ლორენჰილობისთვის გვამზადებს. წინა დღეს, ეს დიჯეი სასტუმრო ჰილტონთან გავიცანით, ქვინსი ჯონსის პრეს-კონფერენციიდან რომ ვბრუნდებოდით. სულ გაგიჟდა-გადაირია, რომ გაიგო ქვინსი ჯონსისა და მაილს დევისის ელექტრონული ბენდის წარმოდგენებზე. ხვალ ლორენ ჰილი გვეწვევა თქო, ვახარე და მერე მე გავგიჟდი-გადავირიე, როცა მითხრა, მეც მასთან ერთად გამოვდივარო. მათ მგზავრობას სტამბულში ატეხილი ალიაქოთი დაემთხვა. დამატებითი ლოგისტიკური ძალისხმევა რომ არა, დღეს ალბათ კონცერტიც ჩაიშლებოდა.
დაახლოებით ათი საათია.სტუმრების რაოდენობა პიკს აღწევს - სუნთქვაც ჭირს, ხალხში გადაადგილებაზე რომ არაფერი ვთქვა. ჰაერში აღტაცებული მოლოდინის მუხტია, რომელსაც სულ მალე ლორენის ხილვით გამოწვეული ოვაციები ფანტავენ.
ეთნო-მოტივებით დატვირთულ ჭრელ პერანგში, არანაკლებად ჭრელ, ფარფატა ქვედა ბოლოში, დიდრონ სათვალეებსა და ბრჭყვიალა გულებით მორთულ თავსაბურავში, ლორენი ვუდუ-შამანს გავს, ბენდის, მკაცრად, შავებში გამოწყობილი წევრები კი ქურუმებივით დგანან. კონცერტი, პირველივე აკორდიდან, ენერგიულ რიტუალს ემსგავსება და ათასობით სხეული, სრული ენთუზიაზმით ერთვება ამ თითქმის ჯადოსნურ პროცესში. ლორენი აქაა! მას გრძნობენ!
სიმღერები უჩვეულო ტემპით, სრულიად ახლებური ინტერპრეტაციით სრულდება. არც ერთი არ გავს საწყის ვერსიას, არც ერთია ძველის რეპლიკა. გექმნება შთაბეჭდილება, რომ თავად ესწრები მათი დაბადების პროცესს, რომ სათქმელს ცხელ გულზე, აქ, შენს წინ ამბობენ.
ლორენის ენერგიული ხმაც, ალაგ-ალაგ ჩატეხილი, ათას ჭეშმარიტებას გვიზიარებს. მთელი არსებით გადმოგვცემს სათქმელს ის და მისი გიტარა. სიმღერებს შორის, რაღაცას ანიშნებს, სავარაუდოდ ხმის ოპერატორს, თუმცა რაც არ უნდა იყოს, ხარვეზი არსად იგრძნობა.
მოგისმენიათ, როგორ რეპავს ლორენი?! გგონია, რომ წუთში ათას სიტყვას ამბობს. როგორ გინდა დაეწიო?! მის სიმღერებში ყველაფერია - ტკივილი, სიბრაზე, ძალა, სითბო, სიყვარული, ზრუნვა, სიძულვილიც... ყველაზე მეტად კი - მოძრაობა, მოქმედება, გულახდილი რეაქცია!
ლორენი ბენდის წევრებთან ერთად ცეკვავს. ამ დროს, ყველაზე მეტად გავს 20 წლისწინანდელ საკუთარ თავს. მისი ენერგია, პირდაპირპროპორციულად ისახება სტუმრებზეც და ისინიც უფრო თამამად ანდობენ რიტმებს საკუთარი სხეულების კონტროლს.
- გავიგე, რომ აქ “Fugees” ძალიან გყვარებიათ! - ამბობს და დადებითი პასუხიც არ აყოვნებს გამაყრუებელი ოვაციების სახით. სიმღერების “Ready or Not”, “Fu-Gee-La”, “Killing Me Softly” ნაცნობ მოტივებზე სტუმრების ექსტაზი კულმინაციას აღწევს. აქა-იქ, ცრემლებსაც ვამჩნევ და ლამის მეც წამომიგორდეს.
ძველ ჰიტებს მთელ თავის გამოცდილებას უმატებს, თითქოს უფრო ამსუყებს და მეტ სიხალისესაც მატებს. აი, დაახლოებით, ისე, დიდი ხნის ამბავს მეტი იუმორით რომ ყვები, საუკეთესო წუთებს ხაზს რომ უსმევ და გონებაში მრავალჯერ გადადნობილს უფრო მეტად ხატოვანს რომ ქმნი.
ხალხის ენერგია არც ერთი წამით არ სუსტდება. და კონცერტის ბოლო რაუნდისთვის, რომელიც მთლიანად რეგი-ქავერებს ეთმობა, ლორენ ჰილი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ის ჯერ კიდევ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და ენერგიული მოთამაშეა მსოფლიო მუსიკის ინდუსტრიაში.
მის ლორენ ჰილი აქ არის! მერე რა, რომ ბევრიც ეტკინა, ატკინეს, ბევრ უსამართლობას ვერ გაუმკლავდა, ვერ გაუგეს და ასე შემდეგ... დღეს მაინც სიცოცხლეს ზეიმობს და რა კარგია, როცა ამ ყველაფერზე სიმღერა შეგიძლია!