მთავარი გალერეა ბათუმი მატარებელი ბლოგი გააზიარე
ფენომენი - The PRODIGY
EXTRაქტი
16 Dec, 2018
გააზიარე
მოციქულთა ურდოს ხელების ალში გახვეულნი ძალებს იკრებენ, თავზარდამცემი ყიჟინა მატულობს და აურაცხელი ენერგიის შტორმში იძირება შავი ზღვის ჯაზფესტივალი!
თითქოს, კაცობრიობის საუკუნოდ მიძინებული პირველყოფილი კერპებიც გამოძვრნენ გამოქვაბულის სიღრმეებიდან...
და საგანგებოდ აღმართულ სცენაზე განიცდიან რეინკარნაციას ზებუნებრივი მისიის მატარებელ სულში, რომელიც უკლებლივ ყველას ათავისუფლებს საბედისწერო სტიგმებისგან...
სტიქიის ფეთქებადი უფლებით მუხტავს თითოეულის გულს...
სიმწრისგან რქას მოიტეხდა ამ რიტუალის შემყურე ნებისმიერი დემონი და ნებისმიერი რწმენა დაფიქრდებოდა თავისი არსის შესახებ!
ნებისმიერ წინამძღოლს შეშურდებოდა ასეთი რევოლუცია, სადაც ყველა სულიერი არსების უნივერსალური უფლება თავისუფლებაა!
საქართველოში “ფროდიჯია”!
19:19
დათქმულ დროზე ერთი საათით ადრე, კართან უკვე მთელი ლაშქარია. წინა რიგებში, სუნთქვა-გახშირებულნი ელოდებიან და როგორც კი გზა ხსნილია, ჰედონისტების მთელი კონგლომერაცია სცენის წინ მაგრდება და საერთო სულისკვეთებით გავარვარებულ ენერგიასთან ზიარებას ელოდება. მოლოდინის ექსტაზი კი, დროდადრო, საბრძოლო ყიჟინას ემსგავსება - მხედართმთავრებს უხმობენ.
“აქ მხოლოდ მათ სანახავად ჩამოვედი, რიგშიც უნამოსოდ გამოვძვერი და როგორც კი კარი გაიღო სცენისკენ გამოვიქეცი, რომ რაც შეიძლება ახლოდან ვუყურო. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნება ამისრულდა და უბედნიერესი ვარ!” - Diana


6-7 წლიდან ვუსმენ და მათი აქ ყოფნა უზომოდ მახარებს. გემოვნებიან მუსიკას აკეთებდნენ ყოველთვის და გამოირჩევიან თანამედროვე მუსიკოსების ფონზე. უფრო მეტიც, დღევანდელ მუსიკალურ ინდუსტრიაში, ალბათ, ყველაზე ნათელ წერტილს წარმოადგენენ... დღეს, ხმას არავინ დაზოგავს - რეფლექსია მათ გამოსვლაზე კივილ-წივილი!” - Leah
ლეგენდის მანიფესტაციამდე ჰაერს ქართველი DJ მუხტავს - გიო კაპანაძე, იგივე “CIGA”, იგივე “ფროდიჯის” მეომარი. სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა დეკთან - ჯგუფს “Breakbeat”-ის დაკვრა მოუთხოვია ორი დღით ადრე “გახურებისთვის”. “CIGA” კი რამდენიმე წელი სწორედ ამ ჟანრში უკრავდა აქტიურად. სეტი მოისმინეს, მოეწონათ და სცენაზეც აიტაცეს.
“რთულია, ესეთი დიდი ჯგუფის წინ დაკვრა, ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი ის იყო, რომ რამენაირად სწორი განწყობა შემექმნა ფროდიჯის გამოსვლამდე, იმედია, შევძელი...” - George
ჯერჯერობით, გადაადგილება შესაძლებელია. უამრავ ანთებულ თვალში გაოცება, ბედნიერება, სიძლიერე იკითხება... ზოგში კი - ნაადრევად შეზარხოშებაც.
“ვერ ვაანალიზებ, სად ვარ!.. “ფროდიჯიმ” დამაწყებინა რეალურად მუსიკის მოსმენა და მისი აღქმა. 3-4 წლის ვიყავი, “Firestarter” რომ გადიოდა MTV-ზე. თავიდან, ცხადია, ეს კლიპი “ჰორორი” უფრო იყო ჩემთვის, მაგრამ შემდეგ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მათგან. არც ვეწევი, არც ვსვამ, მაგრამ კონცერტის ბოლოს შეიძლება მაინც ძირს ვეგდო დაღლილობისგან...” - Tornike

“დიდი ხნის წინ შემოვიდნენ ჩემს ცხოვრებაში - ჯერ კიდევ ინსტიტუტში ვსწავლობდი. ალბათ, 20 წელი გავიდა... ეხლა, ერთადერთი დღე მქონდა თავისუფალი დასვენებისთვის და ჯაზ-ფესტივალიდან, რათქმაუნდა, ეს დღე ავირჩიე... ჩემი ბავშვობის სიყვარულია. მათი შემოქმედება ათავისუფლებს, თუნდაც ამ “დრაივით”, ვითომ აგრესიული ნოტებით... რეალურად მაინც პოზიტიურად განიტვირთები, იცლები და გადიხარ ბედნიერი...” - NaNka
სხვადასხვა ასაკის და სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე თავგადაკლული ფანები, გემოვნებიანი მუსიკის დამფასებლები თუ ბავშვობის ნატვრას დადევნებულები - ყველა აქაა.
 
ეს სტილი არასდროს არ უნდა დაიკარგოს, “ფროდიჯი” კი საუკეთესოა ამ სტილში და ყოველთვის ასე იქნება, 70 წლისებიც რომ იყვნენ. მიუხედავად დროის მსვლელობისა, თავის თავს ინარჩუნებენ, მხოლოდ უფრო მეტად იხვეწებიან და მეტი მრავალფეროვნება შეაქვთ თავიანთ მუსიკაში. როგორც კი გამოუშვეს ალბომი “Gelted Generation”, ელექტრონული ნაწილიც უფრო აქტიური გახადეს. ყველა სიმღერა მომწონს, კონკრეტული განწყობის მიხედვით, მაგრამ ყველაზე მეტად “Voodoo People”-ს გამოვარჩევდი.” - Sam

“მომწონს, რომ ამდენი წლის მანძილზე სტილს ინარჩუნებენ, ბოლო ალბომი განსაკუთრებით მომეწონა.. აი, “ლაივი” კი იგივეა, რომ ყველა ორგანო ამოგიღონ და ხელახლა აგაწყონ!” - Kakha
“ფროდიჯი” სეისმური აქტივობით შემოვიდა ისტორიაში და მთლიანად შეცვალა წარმოდგენა მუსიკალური ინდუსტრიის განვითარების გზებზე. ლაიამ ჰოულეტმა (“ფროდიჯის” დამფუძნებელი) მოახერხა ყველა კანონის წინააღმდეგ წასვლა და შექმნა სრულიად ახალი მუსიკალური ფორმა - “რეივის”, “ჰარდკორ ტექნოს”, ელექტრო-ინდუსტრიალის, “ჯანგლისა” და “ბრეიქ-ბიტისგან” მიღებული ექსტრაქტი, რომელიც მოგვიანებით, “ბიგ ბიტის”, ელექტრონული როკისა და პანკ-ვოკალით გააზავა. ალქიმია, რომელმაც გინესის რეკორდების წიგნშიც მოიპოვა ადგილი: “ყველაზე სწრაფად გაყიდვადი საცეკვაო ალბომი” - The Fat of the Land; “ერთდროულად ყველაზე დიდი რაოდენობის ჰიტი ტოპ-ჩარტებში” და “ყველაზე წარმატებული საცეკვაო-მუსიკალური კარიერა დიდ ბრიტანეთში”. 26 წლის შემდეგ, ლაიამი, მაქსიმი და ფლინტი [Liam Howlett, Maxim Reality, Keith Flint] კვლავაც მძვინვარებენ დედამიწაზე, როგორც ყველაზე ავანგარდული პანკები... თავისივე შექმნილი სამეფოს მბრძანებლებიც და მემკვიდრეებიც, დამპყრობლებიც და აღმომჩენებიც...
“პატარაობიდან, მახსოვს, როგორც კი საშუალება მეძლეოდა მათ “ლაივებს” ვიწერდი და ძილის წინ ვუყურებდი. განსაკუთრებული განწყობა მოაქვთ - სიცოცხლის წყურვილია... ბრძოლისუნარიანობა...” - Jack

ჩვენ და “ფროდიჯის” საკმაოდ გრძელვადიანი ურთიერთობა გვაქვს. ამ ჟანრში არ ვართ, როგორც ბენდი, მაგრამ ყოველთვის განსაკუთრებული მუხტი მოაქვს და მიხარია, რომ დღეს, “ლაივში” ვნახავთ [თეო]. ფროდიჯი ხსნის როკ-ფესტივალებს, ელექტრონულ ფესტივალებს, ორივე თემას ფანტასტიურად უხდება! ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული ბენდია და ამ დღისთვის დიდი ხანია ვემზადებით [ნენსი]! დარწმუნებული ვარ ძალიან მაგარი სიგიჟე გველოდება და ყირაზე გადავალთ! მესიჯი კი ისაა, რომ და რომ არ არსებობს არანაირი საზღვრები არც მუსიკაში და არც ცხოვრბეაში[თეო]!” - Teo და Nensy, ჯგუფი - Vanilla Cage
22:10
პომპეზური საყვირები, სტრობოსკოპები, მშრალი ყინულის ორთქლი, ლაზერები, სცენის გვერდებზე შავ-თეთრად გამონათებული ეკრანები... დაიწყო!
Breathe” - გამხსნელი სიმღერა, ერთგვარი რჩევა ჯგუფისგან - დიდი რიტუალის წინ ღრმად ჩავისუნთქოთ! და ამოსუნთქვისას, უკვე, ერთ ზღვად ქცეული ურდოს ყიჟინა მუსიკის ხმას ფარავს...
უთვალავი ხელი, ცაში ატაცებული, ათასობით აციმციმებული მობილურის ეკრანი, აცეკვებული სხეულების გადარეული მოძრაობა, კვამლში მოელვარე ალქაჯებივით და ჰიერონიმუს ბოსხის მუზაც აქ იქნებოდა, თუმცა მალევე ყველანაირი განსჯა თუ ფიქრი ცამტვერდება, აქ და ახლა დატრიალებული ენერგიით, რომელიც დენივით გარტყავს, წელში გასწორებს, ყველა უჯრედს გივსებს დეფიბლირატორივით, და შლის ზღვარს ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის... ეს ყველაფერი, გაამრავლე 10-ზე და ადვილად წარმოიდგენ...
“რაც თავი მახსოვს, “ფროდიჯიც” მახსოვს! მათი მოსმენა ლაივზე განუმეორებელი სიამოვნებაა და დადებითი ენერგიის უდიდესი დოზა! მათი შემოქმედება კი თავისუფლებაა... ერთგვარი რევოლუციაც!” - Ketula
 
მსოფლიოს პანკ-მეფეები 40 წელს გადაცილდნენ, მაგრამ არც ერთი წამით არ ეტყობათ დროის კვალი... ფლინტს, ისეთივე ენერგია მოაქვს, როგორიც “Firestarter”-ის ოფიციალურ კლიპში დააფიქსირა წლების წინ. მაქსიმი სცენაზე დაფრინავს და მანტრასავით გვიმეორებს “All my Prodigy People in Georgia”, ლაიამი უდრტვინველი სიმშვიდით კლავიშებზე ჯადოქრობს, დამრტყმელი ძალა და ბას-გიტარისტი თავს არ ზოგავენ...
“ეხლა წინ ვიყავი გასული, სცენასთან და ესეთი სიმპათიური მამაკაცები ცხოვრებაში არ მინახავს!”- დაჩი 
 
“ფროდიჯი ჩემთვის რევოლუციაა. როგორც კი აღმოვაჩინე, ბევრი სხვა მუსიკა გადაფარა, როკის გარდა. დღემდე ისე მიყვარს, რომ არასდროს მბეზრდებიან, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ახალი არ გაუკეთებიათ. ბოლო ალბომიც იმდენად გადასარევი არაა, მაგრამ პირველი სამი ალბომი ყოველთვის მეყვარება...” - Gio

“ბავშვობაში, ჩემი ძმები სულ უსმენდნენ და მაშინ ვერ ვგებულობდი ეს რა იყო, უბრალოდ ვხვდებოდი, რომ რაღაც საოცართან მქონდა საქმე... ახლა, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაც, რაც სადღაც არსებობს, მოვიდა ჩემთან, თვითონ... მე არ მივსულვარ... ოცნების ახდენას გავს და ბოლომდე არ მჯერა, რომ ეს აქ ხდება. საშინელ, უკიდურეს თავისუფლებას ატარებენ მესიჯად, უკიდურეს ბედნიერებასთან ერთად...” - Ninie
Nasty” 2015 წლიდან, “Omen” 2009 წლიდან, “Wild Frontier” - 2015 და მეხუთე აქტზე - Firestarter, რომელიც ისედაც აალებულ ბრბოს უფრო მეტად აგიზგიზებს, რომ ყველა ნეგატიური ენერგიის ნარჩენი ბოლომდე გამოწვას და შემდეგ უკვე ახალშობილი ძალებით გააგრძელებინოს გზა.
 
“ჩემი და “ფროდიჯის ურთიერთობა დაიწყო ბავშვობაში, როცა “Firestarter”-ის კლიპის ცოტა მეშინოდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ საშიშზე უფრო მეტად - მაგარია! იმასაც მივხვდი, რომ საშიში არ არსებობს, ზოგადად, როგორც გაგება! ეს ზაფხული, სასწაული დღეებით გამოირჩევა საქართველოსთვის და ერთ-ერთი ეს დღეა, როცა “ფროდიჯის” მოვუსმენთ ძალიან ბევრნი ერთად.” - Levan, ჯგუფი - LOUDspeakers
ცხადი ხდება, “ლაივ შოუ” არავის დატოვებს იმედგაცრუებულს. “ფროდიჯი” ყველა ალბომის საუკეთესო ჰიტებს ასრულებს, მაგრამ არა რადიო თუ ოფიციალურ ვერსიებს, არამედ ცოცხალი შესრულებისთვის მომზადებულებს - მეტი ენერგიით, იმპროვიზაციის მუხტით, ინტერაქციით თუ თამაშით. მე-8 აქტზე, რიტუალი თავის კულმინაციას აღწევს და უკვე “ცეცხლით” განწმენდილებს -“Voodoo People”-ის (1994) შელოცვას გვიმეორებს!
 
“ჩემი და “ფროდიჯის” ურთიერთობა ერთი ბოთლი არყით დაიწყო... 2009 წელს, მე და ეს ვაჟბატონი ( Nika) წავედით “ლაივზე” სტამბულში.” [იქამდე, რათქმაუნდა 90-ების დასაწყისიდან ვიცნობთ მის შემოქმდებას, 80-ანების შვილები ვართ ყველანი - ნიკა]. წავედით ავტობუსით. აღმოჩნდა, რომ პასპორტი მქონდა ვადაგასული და ვერ გადავედი სარფზე. მერე ჩამომაკითხა ნიკამ, ბათუმში, ორ საათში გავაკეთეთ ახალი პასპორტი და ერთი ლარით წავედი კონცერტზე... რომ იცოდნენ, რამდენი გავიღე მაშინ იმისთვის, რომ “ლაივზე” მოვხვედრილიყავი, ალბათ ჯგუფში წევრად ამიყვანდნენ, სადმე “სეტში”. მათ მესიჯს რაც შეეხება - შემოქმედებას არ აქვს ლიმიტები, არანაირი საზღვარი, ყველაფერი შეგიძლია გააკეთო, სხვანაირად ხელოვნებას აზრი არა აქვს.” - Sandro
შოუ იმდენად დატვირთულია დეტალებით ხმასა თუ ბიტებში, რომ არც ერთი წამით არ ხდება მოსაბეზრებელი. ძველი “ჰიტებიც” მომავლის მუსიკაა... შედარებით ახლები - უკვე კლასიკა!
“ფროდიჯი” ახალი ალბომის გამოშვებას აღარ აპირებს - ალბომები დროში იწელებიან და მსმენელთან ინფორმაციაც გვიან მიდის. უფრო სწრაფი კომუნიკაციებისთვის, გადაწყვიტეს მომავალში მხოლოდ EP-ები გამოუშვან და სულ მალე, შემოგვთავაზებენ ახალ 4-ტრეკიან ნამუშევარს, რომელსაც მალევე მოყვება შემდეგიც (წყარო - Rolling Stone). როგორი ფორმაც არ უნდა შეარჩიონ, მთავარია, რომ მათი ძალაუფლების გაცხადება გრძელდება!
“ფროდიჯი” არის ჩემი ბავშვობა და ყოველთვის მინდოდა, რომ ბავშვობისთვის თვალებში ჩამეხედა და ვხვდები, რომ ძალიან მაგარი ბავშვობა მქონია მე!” - Gaga-Frani 

“ჩემი ბავშვობის ოცნება იყო “ფროდიჯის” “ლაივს დავსწრებოდი და როგორც იქნა ამიხდა. ძალიან ბედნიერი ვარ! შეუჩერებელი “დრაივია”, ბოლომდე მოგყვება.” - Shano 
Invaders Must Die” (2009), “Poison” (1994) და “ფროდიჯის” უკვე ჰიმნად ქცეული “Smack My Bitch Up” ერთმანეთის მიყოლებით დაუნდობლად გვაჯანჯღარებენ - თავად გვაავადებენ, და მერე, თავად გვმკურნალობენ!
“სამწუხაროდ ვერ დავესწარი, მაგრამ ლამის ცრემლი მომადგა, თიბისი-მ ლაივი რომ ჩართო და “Breath” რომ დაიწყეს, იმიტომ რომ, 90-იანებში მახსოვს, კასეტაზე მქონდა, მათი 97 წელს გამოშვებული ალბომი "The Fat of the Land" და ერთ-ერთი პირველი შეგნებული შეხება მუსიკასთან, Metallica-ს მერე იყო ეგ... რასაც ქვია, მთელმა ცხოვრებამ ჩაიარა და ნოსტალგიური ემოციები განვიცადე! ჩემს მეგობარს ჰქონდა ძალიან ძველი, რადიო ფირფიტის წამკითხველით. არ მუშაობდა, მაგრამ, დიდი დინამიკები ჰქონდა, რომლებიც ერთ-კასეტიან მაგნიტოფონზე მივაერთეთ და ისე ვუსმენდით “Smack My Bitch Up”-ს... თან წარმოიდგინე რა პერიოდში... ამიტომ ჩემთვის და ალბათ ყველა იმ ადამიანისთვის რომელიც 80-იანებში დაიბადა და უსმენდა Prodigy-ს, წარუშლელი ემოცია დატოვა! და ისედაც, ასეთი მაღალი დონის, ფაქტიურად ელექტრონის ჟღერადობის პიონერები არიან და ასეთი მასიური ლაივი, ჯერ საქართველოში ჩამოსულს, არავის ჰქონია, ჩემი აზრით. ჩემი ემოცია იმ დროიდან გამომდინარეცაა და ცხადია, ლაივში, იქნებოდა სრული სიგიჟე... ემოცია, რომლისგანაც ბოლომდე იცლები და თან პარალელურად ივსები... თან რომ განადგურებს და ვერ უმკლავდები, შენს ძალას რომ აღემატებაა და არც გინდა რომ გაუმკლავდე... მე ეს ემოცია მიყვარს ყველაზე მეტად და დარწმუნებული ვარ, რომ დავსწრებოდი, ზუსტად ამ ემოციას მივიღებდი!” - Zu Ra
 
“ჩვენთვის ძალიან ახლო სულები არიან, ერთ რეზონანსში ვართ... თავისუფლებას იძლევიან, თავის განსხვავებულობით, წრფელი, გულიდან ამომავალი “საუნდებით”... აღფრთოვანებას ვერ ვმალავ, რაღაც ბავშვური ოცნება ავიხდინე... ყველას დიდი მადლობა, ვინც ეს შესაძლებელი გახადა ჩვენთვის! მეტად დიდ სივრცეს ითხოვდა ეს ენერგია, მაგრამ მაინც შევძელით ბოლომდე დახარჯვა...” - Temur & Maia

“ძალიან მაგარი იყო... არ ველოდი ასეთ ლაივს. მე და “ფროდიჯი” ფაქტიურად ერთად დავიბადეთ და რაც თავი მახსოვს ერთადაც ვართ... პირველ რიგში, ენერგია მოაქვს და ყველაფერი დანარჩენი, უკვე ამ ენერგიით მოდის... ეს ენერგიაა ყველაფრის მუღამი!” - Roko
23:23
- ჩემო მეომრებო მარცხნიდან, ჩემებო - მარჯვნიდან, ვინც არ უნდა იყოთ... - ისმის მაქსიმის ხმა და ბოლო შეტევისთვის გვამზადებს. ბოლო სიმღერაც სიმბოლურია “ბრძოლის ველიდან” გასასვლელად - “Take Me to Hospital” (2009).
მოციქულთა ურდო მშვიდდება, ყიჟინა ნელ-ნელა სუსტდება და აურაცხელი ენერგიით გადაღლილი შავი ზღვის ჯაზფესტივალი ახალი გამარჯვებისთვის ემზადება!
თუ დღეს, ერთმა “მეომარმა” მაინც მოახერხა საბედისწერო სტიგმებისგან გათავისუფლება, სტიქიის ფეთქებადი უფლებით გულის დამუხტვა, მაშინ ზებუნებრივი მისიაც შესრულებულია...
სიმწრისგან რქას მოიტეხდა ამ რიტუალის შემყურე ნებისმიერი დემონი და ნებისმიერ წინამძღოლს შეშურდებოდა ასეთი რევოლუცია!
საქართველოში “ფროდიჯი” იყო!
ტექსტი - ნინო კაკიაშვილი | ფოტო - გიორგი ინდუაშვილი