მთავარი გალერეა ბათუმი მატარებელი ბლოგი გააზიარე
#გამარჯობა მეისი!
EXTRაქტი
16 Dec, 2018
გააზიარე
ზაფხულის ზღვასავით თბილი საღამო შედგა. ცხოვრების ყველაზე სანუკვარ წუთებში მოგზაურობას ჰგავდა - ყველაფრის ხელახლა განცდითა და შემდეგ, ამ ემოციების თაიგულის უანგარო გაზიარებით.
ღიმილი, სევდა, ფიქრი, ხალისი, უზრუნველობა - შემოქმდებითი რეცეპტების ინგრედიენტები, რომლებიც ზოგჯერ ტკივილგამაყუჩებელია, ზოგჯერ კი - პირიქით. რაც უფრო მეტი იარაა, მეტი ემოცია, მით უფრო უხდება ცხოვრება ნამღერს და ნამღერი ცხოვრებას...
ყოველი სიმღერა - გულახდილი სახსოვარი, გაორებული ღიმილის ცრემლნარევი ისტორიით... განსაკუთრებული ხარ და განსაკუთრებული ყურადღებაც მიიქციე [The Pretenders, Brass in Pocket Cover]... გარშემომყოფთა რეაქციები - გაცნობიდან სიყვარულამდე, გახსენებიდან აღიარებამდე... და არასდროს - გულგრილობა.
ზოგჯერ ძალიან დიდი უნდა ვიყო, რომ გავიგო, ზოგჯერ - პატარა; ან ძალიან შეყვარებული და ვნებისგან გადარეული... ერთგული და უდარდელი... როგორც დედა, ბავშვი, საყვარელი, მეგობარი, და უბრალოდ ქალი.
შენი ხმის ფერი “შუაღამესავით ნაცნობია, იარაღივით ძლიერი და პიცასავით გემრიელი”.
ბევრ კითხვას დაგისვამდი, ბევრს გაგანდობდი, ისე, უბრალოდ, რადგან ყველაზე გულახდილი ხარ, ვინც კი ოდესმე მინახავს სცენაზე... “შავი ზღვის სანაპიროზე გავისეირნე და მართლაც რომ შავია ეს ზღვა!”-ო... ეს ყველაფერი, ერთბაშად, ძალიან, ძალიან თბილია და ძვირფასი...
სულ სხვაა ცოცხალი შესრულების სული... ჯაზფესტივალის ყოველი დღე ამის დასტური იყო. იმპროვიზაცია, ხელშესახები ენერგია, ათასობით ადამიანთან საერთოს გაზიარება და ცხოვრება, თითქოს, მეტი მუხტით გრძელდება. ნებისმიერი ფესტივალის, როგორც ნებისმიერი დღესასწაულის, იდეაც ესაა...
როდესაც წარმოდგენის მთავარი ნაწილი დასრულდა, თითქოს, კიდევ დარჩა სათქმელი, არ იყო საკმარისი არც ჩვენთვის და დაბრუნდი ემოციების ახალი ფეიერვერკით. როგორც კი “Sweet Baby”-ის შესრულება დაიწყე, ოთომ ღრმად ჩაისუნთქა, დაიჩოქა და დოდონას ხელი სთხოვა!
გარშემოკრებილი მეგობრების, ნაცნობებისა თუ უცნობების ოვაციების ფონზე, გოგომ - კიო! არ გადავაჭარბებ - დისნეის მულტფილმში მეგონა თავი.
ყველაფერმა უფრო მეტი სიმბოლურობა შეიძინა. სიმბოლური იყო ანტრაქტამდე ვნებათა ბობოქრობა, ისტერიანარევი სევდა, საკუთარ თავთან ბრძოლა... სიმბოლური იყო “Creep” და თანმდევი მონოლოგი... სიმბოლური იყო პაუზა და ამ პაუზის შემდეგ ისევ სიცოცხლით ზეიმი, “Sexual Revolution” სცენაზე წამოწოლით, ახალი ნაპერწკლების აღმოჩენა, ბავშვებთან ერთად სიმღერა და ის, რომ “Every Little Thing Gonna Be Alright (ყველაფერი კარგად იქნება)! თავად აღნიშნე - “ცხოვრება მშვენიერია, სანამ მასში ხარ!”
მადლობა!
საუკეთესო სურვილებით და მომავალ შეხვედრამდე!
ტექსტი - ნინო კაკიაშვილი | ფოტო - გიორგი ინდუაშვილი