მთავარი გალერეა ბათუმი მატარებელი ბლოგი გააზიარე
„ჩვენ გავამართლეთ მაყურებლის მოლოდინი“
EXTRაქტი
16 Dec, 2018
გააზიარე

საქართველოს სახელმწიფო ბალეტი განახლებულ ოპერის თეატრში საიუბილეო, 165-ე სეზონს დღეს გახსნის. 

 
ახალი სეზონი განახლებულ თეატრში
 
"6 წლიანი ხეტიალის შემდეგ სახლში დავბრუნდით," - თეატრში ასე ამბობენ.  შენობის რეკონსტრუქციის პერიოდი  ხანგრძლივი აღმოჩნდა და  ოპერისა და ბალეტის შემოქმედებითმა დასებმა მხოლოდ წელს შეძლეს საკუთარი თეატრის სცენაზე დადგომა. სეზონი ტრადიციულთან შედარებით მოკლე გამოვიდა - თებერვლიდან ივლისამდე, თუმცა ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი ფიქრობს,  რომ ძალიან წარმატებული სეზონი ითამაშეს, იმ სირთულეების გათვალისწინებით, რაც სრულიად ახალი შესაძლებლობების მქონე, ტექნიკურად სუპერ-თანამედროვე სცენის ათვისებას ახლდა. 
ამ მოკლე დროში საბალეტო დასმა მაყურებელს 7 საპრემიერო და 31 სარეპერტუარო სპექტაკლი შესთავაზა. ასეთი დატვირთული რეპერტუარი ვერ შედგებოდა, დასი რომ გაჩერებულიყო. ნინო ანანიაშვილის სტრატეგიამ გაამართლა, „ლტოლვილობის“ პერიოდში, დასი რეპეტიციებს და სპექტაკლებს სხვადასხვა თეატრში მართავდა. ხშირად პირობები საშუალოზე დაბალი იყო, თუმცა დასს მუშაობა არ შეუწყვეტია. ამის შედეგია, რომ მაგალითად, მათ განახლებულ სეზონზე იცეკვეს ბალანჩინის სიმფონია დო მაჟორი, რომელიც ურთულესი ბალეტია და უმაღლეს საშემსრულებლო ხელოვნებას მოითხოვს მთელი კოლექტივისგან. 
 
სეზონის ყველაზე გამორჩეული სპექტაკლი
 
"ძალიან ვღელავდი "გორდას" გამო, ეს არის ვახტანგ ჭაბუკიანის სპექტაკლი, რომელიც თავის დროზე ძალიან წარმატებით მიდიოდა  და ახლა როცა მე გადავწყვიტე მისი  აღდგენა, ძალიან ბევრი კრიტიკული  თვალი იყო ჩემსკენ მომართული. ძალიან რთულია, რადგან  ის ადამიანები ცოცხლები არიან, ვისაც ახსოვთ, როგორც ცეკვავდა ვახტანგი, მამაჩემი მაგალითად. ამიტომ ძნელია ამ ხალხისთვის იმ პირველი შთაბეჭდილების შეცვლა, რომელიც გონებაში აქვთ ჩაბეჭდილი. მინდოდა გამეკეთებინა სპექტაკლი, რომელიც იქნებოდა უფრო თანამედროვე. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ შევცვალეთ ჭაბუკიანის ქორეოგრაფია.  თავად ჭაბუკიანი მუდმივად ცდილობდა დაეხვეწა „გორდა“. ბალეტის პრემიერა ოთხჯერ თავად მის სიცოცხლეში შედგა, შეიძლება უმნიშვნელოდ, მაგრამ იცვლებოდა ქორეოგრაფიული ტექსტი. 80-იან წლებში სცენოგრაფია და კოსტიუმებიც კი გამოიცვალა. ყველა ეს ინფორმაცია გამოვიყენეთ მუშაობის დროს და ვფიქრობ, ამ დიდმა სამუშაომ სასურველი შედეგი მოგვცა," -   ამბობს ნინო ანანიაშვილი ვახტანგ ჭაბუკიანის "გორდაზე", რომლის პრემიერაც განახლებული თეატრის სცენაზე შედგა. 
 
 
 
 
 
 
 
 
ნინოს მთავარი იდეა იყო ის, რომ დაენახვებინა თანამედროვე მაყურებლისთვის, რომ ლეგენდაზე აგებული სპექტაკლები დღესაც ყურებადია და რომ ეს არ არის ბალეტის გუშინდელი დღე. ამიტომ გააკეთა ახალი დეკორაციები, კოსტიუმები, მინიმალურად შეცვალა ქორეოგრაფია და ძირითად შინაარსობრივ ხაზს გაჰყვა, შედეგად მაყურებელმა იხილა ულამაზესი, დინამიური სპექტაკლი, რომლის ყველა ჩვენება ანშლაგით მიმდინარეობდა განახლებულ თეატრში.  ნინო ამბობს, რომ ბედნიერია, რადგან „გორდას“  სანახავად საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან მაყურებლები, ესეც ძველი და კარგი ტრადიციის აღდგენის დასაწყისი, როცა ადამიანები სპეციალურად ჩამოდიოდნენ რაიონებიდან სპექტაკლის სანახავად თბილისის ოპერის და ბალეტის თეატრში. 
„გორდასთან“ ერთად სეზონზე   გამორჩეული იყო კილიანის და ფოკინის რთული და საინტერესო პროგრამები, და პირველად ქართულ სცენაზე „ფასკუნჯი“ იგორ სტრავინსკის მუსიკაზე; ასევე  შოპენიანა, რომელიც სრულიად განსხვავებული გამოვიდა ოპერის სცენაზე ორკესტრის ცოცხალი შესრულებით.
 
კლასიკა თუ თანამედროვე ბალეტები

საბალეტო დასის რეპერტუარში ამჟამად 50-ზე მეტი წარმოდგენაა, როგორც კლასიკური ბალეტები, ისე თანამედროვე.  მიუხედავად იმისა, რომ ქართველ მაყურებელს უყვარს კლასიკური ბალეტი, რომელიც შინაარსობრივ ქარგაზეა დაფუძნებული, არც თანამედროვე ბალეტებისადმი რჩება გულგრილი. მეტიც,  არის მაყურებლის კატეგორია, რომელიც მხოლოდ თანამედროვე ბალეტის სანახავად მიდის თეატრში, თუმცა არის ისეთი კატეგორიაც, რომელიც მხოლოდ უცხოური დასების გასტროლებს ესწრება, რადგან მიაჩნიათ, რომ ქართველები თანამედროვე ბალეტს კარგად ვერ ცეკვავენ ან საერთოდ არ ცეკვავენ.  ნინო ანანიაშვილი ამბობს, რომ ჩვენი საბალეტო დასის მაღალი საშემსრულებლო დონის მაჩვენებელი ის რეპერტუარია, რომელიც თანამედროვე ბალეტების კუთხით აქვთ - კილიანი, იორმა ელო, პოსოხოვი, რატმანსკი, მათი შესრულების ლიცენზიების მოპოვებას წლების დაუღალავი შრომა დასჭირდა, ამიტომ ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელს გული სწყდება, როცა ქართველი მაყურებლის მხრიდან უსაფუძვლო სკეპტიციზმს აწყდება. 

ახალგაზრდა დასი

12 წლის წინ როცა თბილისში დაბრუნდა, ბევრი გამოწვევის წინაშე იდგა. დღეს ფიქრობს, რომ დასი შედგა, ნიჭიერი, მოტივირებული ახალგაზრდები, რომლებსაც გააზრებული აქვთ რამდენ შრომას მოითხოვს სცენაზე წარმატების მიღწევა. თუმცა ადვილი არ იყო. ყველაზე ელემენტარულით - დისციპლინით დაიწყო, გაცდენები, დაგვიანებებები და ათასგვარი მიზეზების მოძიება წარსულს ჩაბარდა. „დღეს მე არც ერთ მათგანს შენიშვნას არ ვაძლევ დისციპლინაზე, ასეთი რამე წარმოგიდგენიათ საქართველოში?“ - ამბობს ნინო. მკაცრი და მომთხოვნია, თუმცა უმიზეზოდ  არავის აკრიტიკებს. ცდილობს მათ ყველაფერი ასწავლოს, რაც წლების განმავლობაში თავად ისწავლა, ასევე მისცეს მაგალითი, ხშირად ეხუმრება მათ, სხვებისგან ცუდ მაგალითს რატომ იღებთ, ჩემგან აიღეთ კარგი მაგალითიო. 
„ეს არის რთული პროფესია, რომელსაც სჭირდება რომ ცხოვრების რაღაც ნაწილი მთლიანად მიუძღვნა, მთელ ცხოვრებას ატარებ თეატრში. ისევე როგორც ნებისმიერ პროფესიაში, თუ გინდა რომ რამეს მიაღწიო, უნდა დათმო კიდეც რაღაცეები, ბალეტშიც ასეა და კიდევ უფრო მეტადაც. სულ უნდა იმუშაო შენს თავზე, არ უნდა დარჩე კმაყოფილი. ვინც ბოლომდე კმაყოფილია, ალბათ, ის ვერც ერთ პროფესიაში ვერ აღწევს წარმატებას. სულ უნდა გქონდეს წინსვლის სურვილი და გრძნობა იმისა, რომ შეიძლებოდა უკეთესადაც გაგეკეთებინა, აი ეს არის ჩვენი პროფესიონალიზმი.“ 
ბიჭების პრობლემა აქტუალურია, მათი ნაკლებობაა, უკვე 10 უცხოელი მოცეკვავეა დასში და უამრავ ახალ შეთავაზებას იღებს უცხოელი მოცეკავეებისგან. ქორეოგრაფიულ სასწავლებელში არ არის ბიჭების აღსაზრდელად კარგი პირობები, რადგან არ არის  ინტერნატი. ამიტომ პრობლემა კვლავ ღიად რჩება. აწუხებს ანაზღაურების საკითხიც, საქართველოში ბალეტის მოცეკვავეებს გაცილებით დაბალი ხელფასები აქვთ, ვიდრე მათ კოლეგებს ევროპაში ან სხვა ქვეყნებში.
 
 
 
 
 
 
 
 
სცენაზე ცეკვის ფილოსოფია
 
„მე სულ მაქვს უკმაყოფილების გრძნობა, შიში, რომ რაღაცას ისე ვერ გავაკეთებ და სულ მინდა, რომ ვიღაცამ მითხრას,  არ გრცხვენია, ნინო,  შენ ამას როგორ ვერ იცეკვებ! რაღაც ახალ როლს რომ ვიწყებ, სულ მგონია რომ ამას ალბათ ვერ შევძლებ და მჭირდება რომ ვინმემ შემომიძახოს.  სულ მჭირდება ამის გადალახვა. თუმცა, ალბათ არ ვჩანვარ რომ ასეთი ვარ. მთელი ჩემი ცხოვრება მაქვს ეს ეჭვები.  მაგრამ როდესაც სცენაზე ვდგავარ, იქ უკე ვიცი რას ვაკეთებ და როგორ ვაკეთებ, იქ უკვე უკან არ ვიხევ, თუ მივდივარ, მივდივარ ბოლომდე. უკან დახევა არ შემიძლია. ჩემთვის სულერთია სად ვცეკვავ, წყალტუბოში თუ მეტროპოლიტენის  სცენაზე. ჩემთვის ყველა სცენა არის სცენა და მაყურებელი არის  უპირველეს ყოვლისა!  სცენაზე რომ გამოვდივარ,  ჩემი თავის წინაშე ვარ მაქსიმალურად დახარჯული. იმიტომ რომ  შეიძლება ყოველი ჩემი გამოსვლა სცენაზე იყოს ბოლო.  მარის ლიეპა ამბობდა და ჩემი პედაგოგიც მასწავლიდა, იმ დღეს ის ერთი კონკრეტული მაყურებელი შეიძლება პირველად გხედავდეს და თუ არ მოეწონები,  მეორედ აღარ მოვა შენს სანახავადო. მარისი ამბობდა,  რომ ყოველი სპექტაკლი ისე უნდა იცეკვო,  როგორც ბოლოო და  სულ მიკვირდა რატომ ამბობდა ამას. ახლა ვხვდები, ყოველი ჩემი სპექტაკლი შეიძლება ბოლო აღმოჩნდეს,  ამიტომ ისე უნდა დავიხარჯო, რომ ის დასამახსოვრებელი დარჩეს ყველასთვის. დამაჯერებელი უნდა იყო  სცენაზე, ეს აუცილებელია, იმდენად უნდა იყო  დარწმუნებული იმაში, რასაც აკეთებ, რომ მაყურებელი არ უნდა  ნერვიულობდეს შენთან ერთად. მაგრამ მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადავარდე, მე არ მიყვარს ხალხი, ვინც თავხედურად დამაჯრებელად იქცევა, ეს უკულტურობაა.  ასეთები ბევრნი არიან ჩვენს პროფესიაში, უბრალოდ უნდა გქონდეს პატივისცემა მაყურებლისადმი და იმ ხალხისადმი, ვინც შენს გარშემო მუშაობს.  ვისთანაც არ მიმუშავია ბალეტის სამყაროში და არა მარტო, ან შევხვედრივარ ძალიან დიდ ვარსკვლავებს, ისინი ყოველთვის თავმდაბალი ხალხია,  - ამბობს ნინო ანანიაშვილი
 
სცენაზე თუ კულისებში?
 
40 წლიანი აქტიური სასცენო კარიერის შემდეგ, თბილისის ოპერისა და ბალეტის  თეატრში საბალეტო დასს ჩაუდგა სათავეში. ფიქრობს, რომ პრიმა-ბალერინობა გულისხმობდა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, ხოლო ახლა მთელ დასსზე და არა მარტო მათზეა პასუხისმგებელი.  სტრესი ახლა უფრო მეტია, რადგან თითოეული მოცეკვავის გამოსვლაზე ღელავს,  უნდა რომ ყველა მაქსიმალურად დაიხარჯოს და კარგად იცეკვოს, თუმცა თეატრი ბევრი ისეთი პროზაული დეტალებისგან შედგება, რომელსაც მაყურებელი შეიძლება ვერ ამჩნევს,  მაგრამ კულისებში მდგარი სამხატვრო ხელმძღვანელი ხედავს - რამდენი წამით ადრე დაეშვა ფარდა, რეკვიზიტმა ხომ არ დააგვიანა გამოსვლა, განათება როგორი იყო და ა.შ.  
ადრე თუ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა, როგორ იცეკვებდა პარტიას, როგორ მოირგებდა როლს, როგორი პარტნიორი ეყოლებოდა, ახლა უამრავ ადამიანზე ფიქრობს იგივეს.
 
ვინ არის ბალეტის მაყურებელი?
 
საქართველოში ბალეტი სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. მართალია, ჯერ ისეთ საყოველთაო პოპულარობას ვერ მიაღწია, როგორც ეს ვახტანგ ჭაბუკიანის დროს იყო, მაგრამ სამხატვრო ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ თეატრს მაყურებელი ემატება. მათ შორის ბევრნი არიან ახალგაზრდები, ახალი თაობა, რომელიც თეატრში ისე მოდის, როგორც დღესასწაულზე. ნინო ფიქრობს, რომ საზოგადეობის მხრიდან უდიდესი მოლოდინი იყო  და მათ ეს მოლოდინი გაამართლეს.
მაყურებელი უცხოეთიდანაც ჩამოდის. იაპონელები, რომლებსაც განსაკუთრებულად უყვართ ნინო ანანაიაშვილის შემოქმედება, განახლებულ თეატრში სპექტაკლების სანახავად სპეციალურად ჩამოდიან.
უნდა, რომ თეატრში ბალეტის სპექტაკლზე წასვლა ტრენდული გახდეს,  არ ფიქრობს, რომ ეს არის ხელოვნება ელიტისთვის, არამედ ხელოვნება ყველასთვის, რადგან დღესასწაული, რომელიც თან ახლავს კარგი სპექტაკლის ნახვას, ერთნაირად აღაფრთოვანებს ყველას, უბრალოდ უნდა გაბედო და თეატრში ფეხი შედგა.
 
ოცნება
 
ბავშვობაში ეგზიუპერის „პატარა პრინცის“ წაკითხვისას  განსაკუთრებით დაამახსოვრდა ერთი ამბავი, რომ არასოდეს არ უნდა იოცნებოს ისეთ რამეზე, რისი ასრულებაც შეუძლებელია. ამიტომ ყოველთვის ცდილობს ოცნებები რეალობად აქციოს. არასოდეს ფიქრობს წარსულ როლებზე, თუმცა ზოგჯერ აქვს განცდა, რომ სიამოვნებით შეასრულებდა რომელიმე როლს.
ახლა მისი ოცნება ისეთი ქორეოგრაფიული სასწავლებლის გაკეთებას უკავშირდება, სადაც რაიონებიდანაც შეძლებს ბავშვების ჩამოყვანას, რომლებიც იქ იცხოვრებენ და ისწავლიან, არა მარტო ბალეტს, არამედ სხვა სახელოვნებო  მიმართულებებსაც, ჯულიარდის მსგავსი აკადემია, დარწმუნებულია, რომ ამის პოტენციალი საქართველოში არსებობს.   ფიქრობს, რომ ამას აქამდეც გააკეთებდა, უცხოეთში რომ დარჩენილიყო, მაგრამ მან სხვა გზა აირჩია, სამშობლოში დაბრუნდა და უნდა, რომ  ყველაფერი, რაც წლების განმავლობაში დააგროვა, სხვებს გადასცეს. იმედი აქვს, რომ ამის დროც დადგება და სახელმწიფი გამოიჩენს ნებას, რომ ქორეოგრაფიულ სასწავლებელს ჰქონდეს ისეთი შენობა და ინფრასტრუქტურა, სადაც მოსწავლეების მიღებას საზღვარგარეთიდანაც კი შეძლებს. 
 
 
 
 
 
 
 
 
ტექსტი - სოფო კვინტრაძე