მთავარი გალერეა ბათუმი მატარებელი ბლოგი გააზიარე
რაგბი ჩემი ცხოვრებაა
EXTRაქტი
16 Dec, 2018
გააზიარე

"შადრე"

არც კი ახსოვს როდის დაუძახეს ეს მეტსახელი პირველად. ბავშვობიდან "შადრეა", მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, თანაგუნდელებთან, გლაზგოშიც და თბილისშიც. ქართველი ბორჯღალოსნების 2 ნომერი, კვაჭი შალვა მამუკაშვილი თბილისშია და ინტენსიურად ვარჯიშობს, ნოემბერში დაგეგმილი ტესტ-მატჩებისთვის ემზადება.

"წინ ძალიან მნიშვნელოვანი სამი თამაში გველის - იაპონიასთან, სამოასთან და შოტლანდიასთან. სამივე უნდა მოვიგოთ და ეს ძალიან მაგარი შედეგი იქნება ჩვენთვის," - ამბობს შალვა, რომელიც ახლახანს დაბრუნდა სამშობლოში, შოტლანდიაში ჩატარებული წარმატებული სეზონის შემდეგ და სანაკრებო თამაშებისთვის დაიწყო მზადება.

შალვა პირველი ქართველი მორაგბეა, რომელიც ინგლისის "პრემიერშიპში" მიიწვიეს, კლუბ "Sale Shark-ში" გატარებული ერთი წლის შემდეგ მან მოღვაწეობა "Glasgow Warriors-ში" "Guinness pro 12"-ში გააგრძელა. იმ დროს იხსნებს, როცა 6 წლის ასაკში სკოლაში და რაგბიზე ერთდროულად მიიყვანეს. რაგბიზე არჩევანის გაკეთება მორაგბე ბიძის, დამსახურებაა. მერე ყველაფერი თავისთავად მოხდა : "თუ ერთ საქმეს ვაკეთებ დიდი ხანი, მერე თითქოს მისი ნაწილი ვხდები, ასე გახდა რაგბი ჩემი ცხოვრება".

ყველაფერი რომ ძალიან სერიოზულად იყო ამას მაშინ მიხვდა, როცა 17 წლისა ახალგაზრდულ ნაკრებში მიიღეს, შემდეგ იყო ქართული კლუბები, შემდეგ ინგლისური და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი - საქართველოს ნაკრების ღირსების დაცვა. ბორჯღალოსნის კვართი პირველად 2011 წელს მოირგო, როდესაც საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდა.

ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი

ემოციის გარეშე დღესაც ვერ იხსენებს 2013 წლის 23 ნოემბერს, როცა საქართველოს ნაკრებმა სამოას ნაკრებს მოუგო, რომელიც იმ დროისათვის მსოფლიო რეიტინგში მეშვიდე ადგილზე იყო და შესანიშნავი შემადგენლობით თამაშობდა. შალვა ამბობს, რომ მაშინ არათუ გულშემატკივარს, მორაგბეებსაც კი არ სჯეროდათ, რომ სამოას ნაკრების დამარცხებას შეძლებდნენ. ის სიამაყე და სიხარული დღემდე გამოყოლილი აქვს, ფიქრობს, რომ წინა გამარჯვება ფსიქოლოგიურ უპირატესობას ანიჭებთ, ამიტომ ოპტიმისტურად არის განწყობილი ნოემბერში სამოასთან დაგეგმილი შეხვედრის მიმართ.

კიდევ ერთი საოცნებო თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე შედგა: საქართველო - ზელანდია. "ეს დაახლოებით ისეთი რამეა, რიგითი ბოქსიორი მაიკ ტაისონს რომ შეხვდება რინგზე,’’ - ამბობს შალვა და უკვე არაერთხელ დასმულ შეკითხვაზე - რა რეაქცია ჰქონდა, როცა "ოლ ბლექსი" მოედანზე თავიანთ ცნობილ ჰაკას უსრულებდათ, ღიმილით პასუხობს: "ძალიან მაგარი საყურებელი იყო, წარმოიდგინეთ ასეთი ვარსკვლავები დგანან შენს წინაშე და საოცარი ცეკვით გესალმებიან."

გულშემატკივარი

გულშემატკივარი ყველა ქვეყანაში თავისებურია, ისე როგორც რაგბის თამაში განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, ქომაგობაც მრავალფეროვანია. ქვეყნებში, სადაც რაგბის საუკუნეზე მეტია თამაშობენ, დამოკიდებულება ამ სპორტისადმი, განსხვავებულია. "ძალიან მიყვარს ქართველი გულშემატკივარი. არა მგონია, სადმე ისე გულიანად ქომაგობდნენ , როგორც ჩვენთან. ზოგჯერ იმხელა სიყვარულს ვგრძნობთ მორაგბეები, მიკვირს. თუმცა არის რაღაცეები, რაც შეიძლება, მაგალითად, შოტლანდიელი გულშემატკივრისგან ვისწავლოთ. თუნდაც ის, რომ მოწინააღმდეგე გუნდს არ დაუსტვინონ ან არ შეაგინონ, როცა ის ბურთს გაიტანს."

ყველაზე მეტად, რაც შოტლანდიაში ყოფნისას მოსწონდა, რაგბის გულშემატკივრობის ოჯახური ტრადიციაა. "იქ, შაბათ-კვირას რაგბიზე წასვლა ნათესავების შეკრებისთვის კარგი საბაბია და ეს ტრადიცია ბაბუიდან შვილიშვილს გადაეცემა. საყვარელი გუნდის გულშემატკივრობა მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ერთგვარი ზეიმია, რომელსაც უახლოესი ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ".

ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუ ჩვენთანაც ნელ-ნელა ფეხს მოიკიდებს ასეთი ტრადიციები, ამისთვის კი ძალიან მნიშვნელოვნად შიდა ჩემპიონატების განვითარება და საკლუბო რაგბის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია მიაჩნია.

"სანაკრებო თამაშებს გულშემატკივარი არ აკლია, მაგრამ ნაკრები წელიწადში სულ 11 მატჩს მართავს, აქედან მხოლოდ ნახევარი ტარდება საქართველოში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი შიდა ჩემპიონატების პოპულარიზაციის გაზრდა. რა თქმა უნდა, შედარებაც არაა, თუ გავიხსენებთ 10-15 წლის წინ რა ხდებოდა, სტადიონზე მარტო ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები იყვნენ ხოლმე, ახლა ასე აღარ არის, ხალხი რაგბის საყურებლად დადის, მაგრამ კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერაა საჭირო, მათ შორის კერძო სექტორის მხრიდანაც, რომ უფრო პოპულარული გავხადოთ რაგბის ყურება."

რას ფიქრობენ ქართველ მორაგბეებზე ევროპაში

"ფაქტია, რომ საფრანგეთში დიდი პოპულარობით სარგებლობენ ქართველი ფორვარდები. ინგლისშიც გაჩნდა მეტი ინტერესი ჩვენს მიმართ და ეს განსაკუთრებით იგრძნობა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. უკვე ბევრი ქართველი თამაშობს ინგლისურ კლუბებში. ალბათ, ფიქრობენ, რომ კარგი, ძლიერი შერკინება გვაქვს, თუმცა ასე ძნელია იმის თქმა, თუ რა გვაქვს ქართველ მორაგბეებს გამორჩეული. ნებისმიერი სპორტი და მათ შორის რაგბიც გარკვეულ თვისებებს მოითხოვს, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული - მენტალიტეტზე, საცხოვრებელ გარემოზე, კულტურაზე, როგორც ჩანს, ჩვენ ძალიან მოგვიხდა ეს სპორტი - რაგბი ჩვენი თამაში გახდა".

შალვა ამბობს, რომ მორაგბეების გადინების ტენდენცია საზღვარგარეთ ახლა შემცირებულია. ვინაიდან საქართველოში საკლუბო რაგბის დაფინანსება გაიზარდა და შიდა ჩემპიონატებიც ვითარდება, ქართველი მორაგბეები სამშობლოში თამაშს ამჯობინებენ. მაშინ როცა ადრე ცდილობდნენ ევროპაში წასულიყვნენ და თუნდაც დაბალ ლიგებში ეთამაშათ.

ფიქრობს, რომ ყველაზე მთავარი წარმატების მისაღწევად რაგბიში ბევრი შრომაა. ფორმულა "ნიჭიერია და ზარმაცი" აქ არ მოქმედებს. შესაბამისად, დამწყები მორაგბეებისთვის მხოლოდ ერთი მთავარი რჩევა აქვს, რომ არასოდეს დაკმაყოფილდნენ მიღწეულით და მუდმივად გააგრძელონ საკუთარ თავზე მუშაობა.

რამ განაპირობა რაგბის პოპულარობის გაზრდა საქართველოში?

შალვა ფიქრობს, რომ ბოლო წლებში რაგბის პოპულარობის ზრდა საქართველოში რამდენიმე გარემოებამ განაპირობა. პირველ რიგში, ის ძველი თაობის მორაგბეების დამსახურებაზე საუბრობს, რომლებმაც თავდაუზოგავი შრომით, დაფინანსების არარსებობის პირობებში მსოფლიოს გააგებინეს, რომ საქართველოში რაგბს თამაშობენ - 2003 წელს საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა სწორედ ასეთი განაცხადი იყო. "ქვეყანას, რომელსაც არც ისე ბევრი წარმატება აქვს და ამ დროს სადღაც ნათელი წერტილი გამოჩნდება, ხალხის მთელი ყურადღება იქითკენ მიემართება. ასე მოხდა რაგბის შემთხვევაში."

მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა ისიც, რომ რაგბიში თაობათა ცვლა წარმატებულად განხორციელდა და ჩავარდნა არ ყოფილა. "ახლა ძალიან კარგ ტემპში მივდივართ და ეს უნდა შევინარჩუნოთ. რაც უფრო წინ მიდიხარ, კიდევ უფრო კარგად უნდა ითამაშო."

რაგბის პოპულარობაზე ისიც მეტყველებს, თუ როგორ იზრდება მოზარდების მხრიდან ინტერესი და მოთხოვა, თუ 15 წლის წინ რამდენიმე საბავშვო გუნდი იყო, ახლა მათი რაოდენობა ასამდეა გაზრდილი. "მწვრთნელები არ ჰყოფნით ისეთი მოთხოვნაა. ამაზე დიდი გავლენა იქონია იმ ახალმა სტადიონებმა, რომელიც ააშენეს, ძალიან მნიშვნელოვანია მოგარბეს ჰქონდეს საშუალება, რომ გაიზარდოს."

ნაკრების ყველაზე დიდი წარმატება

ყველაზე დიდ წარმატებად შალვას, საქართველოს რაგბის ნაკრების თანმიმდევრული წინსვლა მიაჩნია. კონკრეტულ თამაშებს არ გამოყოფს, ამბობს, რომ მთავარი მისთვის ის ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელებული მიღწევებია, რაც ბოლო წლებში ნაკრების ანგარიშზეა. ყოველი წელი წინაზე უკეთესია და ეს სტაბილურობა ბევრი ადამიანის ერთობლივი ძალისხმევის დამსახურებაა.

ნოემბერში საქართველოს რაგბის ნაკრები მორგ ტესტ-მატჩებს გამართავს. ამ დროისათვის კი მსოფლიო რეიტინგში ბორჯღალოსნები მე-11 ადგილს იკავებენ. წინა მსოფლიო ჩემპიონატის შედეგები - ჯგუფში მესამე ადგილზე გასვლა კი გარანტირებულად ნიშნავს იმას, რომ საქართველო მომავალ მსოფლიო ჩეპიონატშიც მონაწილეობს, საკვალიფიკაციო რაუნდის გავლის გარეშე.

შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატი 2019 წლის ოქტომბერში იაპონიაში ჩატარდება.

 

ოცნება

მთლად ოცნება ვერ დაარქვა, უფრო სურვილი, რომელიც განხორციელებადია. შალვას უნდა, რომ ქართულმა კლუბებმა ევროპულ თასებზე ითამაშონ. ეს საკლუბო რაგბის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ევროპის ჩემპიონთა თასი და Challenger Cup – ამ ორიდან ალბათ თავდაპირველად ქართული კლუბები Challenger Cup -ში მოსახვედრად იბრძოლებენ, ხოლო შემდეგ უფრო მაღალ ლიგაში - ევროპის ჩემპიონთა თასისთვის.

"დასაწყისისთვის, რა თქმა უნდა, ძნელი იქნება ჩვენი კლუბებისთვის, იმიტომ რომ ყევლა ქვეყანას, ჩემპიონატს და ლიგას აქვს თავისი სპეციფიკა, ამიტომ ამ ყველაფერზე მორგება არ იქნება ადვილი. მაგრამ თანდათან ჩვენ ეს უნდა შევძლოთ."

ოჯახი

"ჩემი პირველი გულშემატკივარი დედაჩემია, თითქმის ყოველთვის მოდის ჩემს თამაშებზე და ნერვიულობს. ახლა ჩემი მეუღლეც დაემატა, რომელიც ადრე რაგბის დიდი მოყვარული არ იყო, მაგრამ ისე კარგად ერკვევა უკვე თამაშის წესებში, რომ ობიექტური შეფასებაც შეუძლია. როცა ვიცი, რომ სადღაც ტრიბუნებზე ჩემი ოჯახის წევრები სხედან, მართალი გითხრათ, ამაზე ფიქრის დრო არ მაქვს, მაგრამ თამაში რომ მორჩება, მერე ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუნდაც არ იყვნენ სტადიონზე, როცა ვიცი რომ სადღაც არიან და მგულშემატკივრობენ, ძალას მმატებს მალე შვილი გვეყოლება და კიდევ ერთი ქომაგი შეემატება ქართულ რაგბს."