მთავარი გალერეა ბათუმი მატარებელი ბლოგი გააზიარე
"ცხრაწყარო" - აუდიო-ვიზუალური ინსტალაცია
EXTRაქტი
16 Dec, 2018
გააზიარე

გასული საუკუნის 30-იან წლების, ფუტურისტი მხატვრის - ბენო გორდეზიანის კუბისტური ნამუშევარი "ცხრაწყარო" პირველად ორიოდე წლის წინ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ვნახე.

ეს ის დღე იყო, როცა თიბისი ბანკის ინიციატივით მუზეუმში დაცული ბრინჯაოს ხანის ბალთებს თბილისში საგამოფენოდ ამზადებდნენ. სწორედ მაშინ გადაწყვიტა თიბისი ბანკმა მიწისძვრით დაზარალებულ მუზეუმს უნიკალური კოლექციის შესანახად ახალი შენობით დახმარებოდა. მას შემდეგ თიბისი ბანკსა და მუზეუმს შორის თანამშრომლობა გრძელდება. ამჯერად, ისევ მათი მხარდაჭერით, გადავწყვიტეთ მუზეუმში დაცული ერთი შედევრი მზის სინათლეზე გამოგვეტანა.

... როგორც კი ნახატთან განათება დავაყენეთ, სივრცე ფერებითა და ბგერებით აივსო...მანამდე კი ის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში საბჭოთა რეალისტური ფერწერის ნიმუშებს შორის თითქოს შეუმჩნევლად ეკიდა...

"ცხრაწყარო" ტილოზე, ზეთში, კუბისტურ მანერაში შესრულებული ფერწერაა (ზომა - 88 X 62სმ.) ამ ნახატის სიდიადეს კიდევ უფრო ამძაფრებს მისი შექმნის პერიოდის ემოციებით სავსე ისტორიული წარსული - გასული საუკუნის 20-იანი, 30-იანი წლები, როცა პირველ მსოფლიო ომსა თუ რუსეთის რევოლუციას გამოქცეული ინტელექტუალები და ხელოვანები ჯერ ემიგრაციაში, მოგვიანებით კი თბილისში იყრიან თავს და ახალ მიმდინარეობებსა თუ იზმებს ქმნიან - კითხულობენ დადას პირველ მანიფესტებს, აფუძნებენ ფუტურისტულ მიმდინარეობას...

სწორედ ასეთ მძაფრ ისტორიულ-პოლიტიკურ და არტ-ისტულ ქაოსში მოუხდა მოღვაწეობა "ცხრაწყაროს" ავტორს. ბენო გორდეზიანი დამოუკიდებელი საქართველოსა და შემდეგ მისი ანექსიის პერიოდში 25-27 წლის იქნებოდა.. ხელოვნების ისტორიაში ის უფრო მეტად ცნობილია, როგორც ლეგენდარული მემარცხენე-ფუტურისტული ჯგუფის H2SO4-ის აქტიური წევრი და ამავე სახელწოდების ცნობილი ჟურნალის - H2SO4-ის დამაარსებელი, პუბლიცისტი და ხელოვნების მკვლევარი, მოგვიანებით კი 40-იან წლებში, ის გაიცნეს, როგორც ახალი ქართული შრიფტის, კერძოდ "ვიწრო გარნიტურის" ავტორი.

გორდეზიანი მხატვრობითაც იყო გატაცებული, თუმცა სახელოსნოში გაჩენილი ხანძრის გამო, დღეს მისი მხოლოდ ორი ტილოა შემორჩენილი - "ცხრაწყარო", რომელიც ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება და ვაჟა-ფშაველას პორტრეტი, რომელიც მხატვრის ოჯახში დარჩა. ორივე ნამუშევარი ზომით და ფერთა კუბისტური სპექტრებით თითქოს ერთ სერიას ქმნის.

30-იან წლებში ჩვენი ოჯახი თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე ცხოვრობდა. მამის მრავალფეროვან ინტერესეთა შორის იყო ხატვაც. მას 40-მდე ნამუშევარი ჰქონდა ამ დროისთვის შექმნილი, ხატავდა მეტ-ნაკლებად რეალისტურ სტილში. შემდეგ ეს ნამუშევრები ხანძრის გამო განადგურდა. მახსოვს, მოგვიანებით, როცა სხვა ბინაში გადავედით, ოთახში მხოლოდ ეს ორი ტილო გვეკიდა. რამ გადაარჩინა ეს ნახატები მეც არ ვიცი...

30-იან წლები მძიმე წლები იყო მამასთვის და მისი წრისთვის. წერტილი დაესვა ევროპულ მიმდინარეობებს, ექსპერიმენტებსა და თავისუფლებას. ხელოვნებაში მხოლოდ სოც-რეალიზმი გაბატონდა. H2SO4-ის ჯგუფის წევრებიდან ზოგმა ფერი იცვალა, ზოგი შეეწირა არსებულ რეჟიმს, მაგალითისთვის ირაკლი გამრეკელიც კმარა. ზოგი ჩამოშორდა იმ ყველაფერს, რაც იდეოლოგიასთან იყო დაკავშირებული. მამამ, მაგალითად, ქართულ შრიფტზე დაიწყო მუშაობა, რაც ლეგენდარული ჟურნალის - H2SO4-ის ფუტურისტული პროექტის ერთგვარი გაგრძელება იყო, რადგან ამ პროექტში შრიფტი თითქმის ხელოვნების დონეზე იყო აყვანილი.

რაც შეეხება, "ცხრაწყაროს", ეს ნამუშევარი 70-იან წლებში მე გადავეცი ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს საჩუქრად. სახლში კი ეს ერთი ნამუშევარი - ვაჟა ფშაველას პორტრეტი დამრჩა.” - მიამბობს მხატვრის შვილი - ცნობილი მეცნიერი, ბიზანტიოლოგი, ბატონი რისმაკ გორდეზიანი.

"ცხრაწყაროს" კუბისტურმა ფერთა სპექტრებმა, ერთმანეთის გადამკვეთმა გეომეტრიულმა ფორმებმა და ნახატის ძლიერმა დინამიკამ მე და ჩემს მეგობრებს შთაგვაგონა მის ბაზისზე ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით აუდიო-ვიდეო ინსტალაცია შეგვექმნა. ასე აღმოვჩნდით მე - პროექტის ავტორი, ვიდეო-არტისტი თათია სხირტლაძე და მუსიკოსი დიმა დადიანი აგვისტოს თვეში ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ორიგინალის პირისპირ.

თათია სხირტლაზე ავსტრიაში, ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტში ვიდეო ხელოვნებას ასწავლის. მუშაობს სხვადასხვა მედიაში. არის მრავალი საერთაშორისო პროექტის ავტორი და მონაწილე. დიმა დადიანი საქართველოში ელექტრონული მუსიკის პიონერად ითვლება. ხმისა და ვიზუალის ხელოვნებას ის ვენის სამხატვრო აკადემიაში დაეუფლა.

ჩვენი პროექტის მიზანი იყო რეგიონალურ მუზეუმში თანამედროვე არტის შექმნისა და პრეზენტაციის პრეცენდენტი შეგვექმნა. ამასთანავე კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა საზოგადოებისთვის ამ შედევრის არსებობის შესახებ.

ინსტალაციაზე არტისტები რაჭაში თითქმის ერთი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ. კოლაბორაციამ გაამართლა. აუდიო-ვიზუალურ ნამუშევარში, 30-იან წლებში შესრულებული კუბისტური ფერწერული ტილოს გამოსახულება ფერებად, შრეებად და ბგერებად იშლება. ყველაფერი მოძრაობს. დინამიკაშია მუსიკაც და გამოსახულებაც - სწორედ ისე, როგორც თავის დროზე ფუტურისტების თვალით დანახული სამყარო...

საბოლოოდ პროექტი მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაზე საგანგებოდ განათებული ”ცხრაწყაროს” ორიგინალითა და გვერდით დარბაზში აუდიო-ვიზუალური ინსტალაციის მასშტაბური პროექციით წარმოვადგინეთ, პრეზენტაციაზე რეგიონალური მუზეუმისთვის უჩვეულოდ ბევრი დამთვალიერებელი მოვიდა. საზოგადოებამ თითქმის ასი წლის წინ შექმნილი ტილო ხელახლა აღმოაჩინა.

მეორე დღეს პროექტის ფარგლებში ონის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებს ინოვაციური მასტერ-კლასი ჩაუტარდა. დიმა დადიანმა ბავშვებთან ერთად საინტერესო ხმები ჩაიწერა და პრაქტიკულად უჩვენა, როგორ კეთდება ელექტრონული მუსიკა. შედეგად საინტერესო კომპოზიცია შეიქმნა, შეიძლება ითქვას ფუტურისტულ ჟანრში...

ამ კომპოზიციას ”ფიქრი ზღვის პირას” დაარქვეს, რადგან უამრავ ხმას შორის, რომელიც დიმამ და ბავშვებმა ადგილზე ჩაიწერეს, გასაგები მიზეზების გამო, ინტერნეტიდან ჩამოწერილი ზღვის ხმაც მოხვდა.

თათია სხირტლაძემ ახალგაზრდებს მობილური ტელეფონით ვიდეოარტის შექმნის ხელოვნება გაუზიარა. ცნობისათვის, თათიას ეს მეთოდი რამდენიმე წლის წინ ამსტერდამის კინოს მუზეუმმა სასწავლო მოდულისათვის შეიძინა.

საბოლოოდ, პროექტის ფარგლებში შექმნილმა აუდიო-ვიზუალურმა ინსტალაციამ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ფერწერული ტილოს - "ცხრაწყაროს" გვერდით, მუდმივმომქმედ ექსპოზიციაში დაიდო ბინა. თუ რაჭაში მოხვდებით, გირჩევთ აუცილებლად შეიაროთ მუზეუმში და ერთად იხილოთ ორიგინალიც და ინსტალაციაც.

20 სექტემბერს, თბილისში "არტარეას" ეზოში ”ფიქრი ზღვის პირას“ აუდიო-ვიზუალური Live-ი შედგება.

პროექტი თიბისი ბანკისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.