მთავარი გალერეა ბათუმი მატარებელი ბლოგი გააზიარე
"თბილისური ეზო" შემოდგომის თბილისში ბრუნდება
EXTRაქტი
16 Dec, 2018
გააზიარე

თბილისის ძველ უბანში, აღმაშენებლის  44 ნომერში მდებარე  ფოსტის შენობის ეზო ერთი დღით  უჩვეულო გარემოდ იქცა. აქ დილიდან  სამეზობლო სამზადისში ჩაერთო. საღამო  რომ დაუვიწყარი მუსიკალური შთაბეჭდილებებისა და თავგადასავლების ადგილად ქცეულიყო, ეზოში სპეციალურად დამონტაჟდა  სცენაც.

 
 
 
 
 
 
 
ასე დაუბრუნდა ტელეკომპანია  "არტარეას" პროექტი - "თბილისური ეზო"  შემოდგომის თბილისს -  მიშა მდინარაძის, მიშო ჯავახიშვილისა და ჯგუფ "ბარაკას" ერთობლივი პროექტის  "ანდრეზების"  პრემიერით. თბილისურ ეზოში მივიწყებული ქართული ინსტრუმენტების თანხლებით, თანამედროვე თბილისურ მელოდიებთან ერთად  აზერბაიჯანული, ინდური და სხვა ქვეყნების მუსიკალური ელემენტებიც გაჟღერდა და ქართული მუსიკა მსოფლიო  კულტურის ნაწილად იქცა.
 
 
მიშა მდინარაძე:  "ჩემთვის ძალიან საინტერესოა ქართული მუსიკისა და სხვა ქვეყნების მუსიკის ურთიერთობა, რაც იმ ერთიანობას ქმნის, რასაც სამყარო ჰქვია. სწორედ ეს არის "ანდრეზების" იდეა - როგორ ჟღერს ქართული მუსიკა არაქართულ რიტმებზე.  ვფიქრობ, რომ "თბილისური ეზო"  დედაქალაქში უახლოესი 10—20 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებიდან ერთ-ერთი  ყველაზე საინტერესოა. მან დროში და სივრცეში გაყინული ისეთი ელემენტები გააცოცხლა, როგორიცაა, მაგალითად, მულტიკულტურული ეზო, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის არის დამახასიათებელი. მოხარული ვარ, რომ ჩვენც ამ "რეანიმაციის" მონაწილეები გავხდით"
 
მიშო ჯავახიშვილი: "თბილისური ეზო ყოველთვის გამოირჩეოდა ეთნიკური მრავალფეროვნებით და სიმბოლურია, რომ ჩვენი დღევანდელი პრემიერაც იმ მუსიკის ერთობლიობაა, რომელიც ძველ თბილისში ყოველთვის ჟღერდა".        
 
 
 
 
 
 
 
 
 
მუსიკალურ საღამოზე დასწრების მსურველი ბევრი აღმოჩნდა. სავსე ეზომ, ძველებური აივნებიდან და ფანჯრებიდან კონცერტის მოსასმენად შეკრებილმა აუდიტორიამ და უამრავმა დადებითმა ემოციამ, აღმაშენებლის 44 ნომერი ნამდვილ  ძველებურ, თბილისურ ეზოდ აქცია.
 
 
 
 
 
 
 
 
 
"არაჩვეულებრივი პროექტია. "თბილისური ეზო" იმ დიდი სითბოს გამოხატულებაა, რაც ყველა ჩვენგანში არსებობს და  დღეს რატომღაც მივიწყებულია. "არტარეას" ამ პროექტის  ყველა კონცერტს დავესწარი და უდიდესი სიხარული და სიამოვნება მივიღე", - ამბობს ქეთინო მიქაძე, რომელსაც "თბილისური ეზოს" არც ერთი კონცერტი არ გამოუტოვებია.
 
"თბილისური ეზოს"  შემოდგომის  სეზონის პირველი საღამო  საათნახევრიანი  პროგრამის შემდეგ   დასრულდა.  პროექტი გრძელდება , თბილისური ეზოები მუსიკალური ნომრებითა და წარმოდგენებით უახლოეს მომავალში ისევ  გაცოცხლდება.  შემდეგი საღამო ოქტომბერში შედგება. ამჯერად, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები სცენის შემდეგ "ფაუსტს" უკვე  თბილისურ ეზოში ითამაშებენ.
 
გაზაფხულისთვის  ორგანიზატორები "თბილისური ეზოს" დაბრუნებას უკვე  ფესტივალის სახით აანონსებენ,  მანამდე კი წინ ბევრი საინტერესო საღამო გველის -  რატი ამაღლობელისა და გოგი ძოძუაშვილის ალბომის პრეზენტაცია, ქართველი საოპერო მომღერლების კონცერტი და სეზონის დახურვა, რომელიც, როგორც იდეის ავტორები გვპირდებიან,  განსაკუთრებულად "თბილისური" იქნება. 
 
"არტარეას" პროექტის  "თბილისური ეზოს" იდეა  დაახლოებით  ექვსი თვის  წინ გაჩნდა  და მისი მიზანი ტრადიციების განახლება,  თბილისური ეზოებისთვის ახალი ფუნქციის შეძენა, მოქალაქეებისთვის არქიტექტურული შენობების მოვლისადმი ცნობიერების ამაღლება და კონკრეტული ძველი შენობებისა და ეზოების ისტორიების გაცოცხლება გახდა.
 
პროექტს დაწყებისთანავე  დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში.  პირველი სეზონის 4 კონცერტი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით შედგა, მიმდინარე სეზონს კი პარტნიორობას თბილისის მერია უწევს.