მთავარი გალერეა ბათუმი მატარებელი ბლოგი გააზიარე
extrაქტი #13 // AD BLACK SEA 2016 - “გადატვირთვა”
EXTRაქტი
16 Dec, 2018
გააზიარე

მილტონ გლასერი, ნიუ იორკის ყველაზე ცნობილი ლოგოს (აი ის, უზარმაზარი წითელი გულით რომ უხსნის სიყვარულს ქალაქს) ავტორი ამბობს, რომ დიზაინერის ნებისმიერ ნამუშევარზე სამი შეფასება არსებობს: კი, არა და ვაუ! ეს სამი შეფასება ყველაზე აქტუალური იყო შავი ზღვის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზეც - Ad Black Sea 2016, რომელმაც, გარდა იმისა, რომ გაგვიმხილა იმ კონკურსანტების ნამუშევრები, რომლებმაც პასუხად ჟიურის “ვაუ” დაიმსახურეს, მოახდინა სრული “გადატვირთვა”.

წელს, საქართველოში არაერთი ფესტივალით გაგვანებივრეს. Ad Black Sea-ც თითქოს ლოგიკური გაგრძელება იქნებოდა საფესტივალო ქარავანში, მაგრამ მისი ამბავი სათავგადასავლოს უფრო დაემსგავსა... დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ფორს-მაჟორულმა მდგომარეობებმა აიძულეს ორგანიზატორები [უკრაინის სარეკლამო კოალიცია და საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია] გამოექვეყნებინათ განცხადება, რომ წელს, ბათუმი ვეღარ უმასპინძლებდა ფესტივალს [ერთ-ერთი მიზეზი - მოახლოებული არჩევნები]. დაწყებული პროცესების უკან გადახვევა, მარცხის გარდაუვალი შეგრძნება და ზღვაში გადაყრილი დრო, თუ რესურსი...

თუმცა, მეორე დღესვე, ფესტივალის ხელმძღვანელმა, ვატო ქავთარაძემ ოფიციალურად განაცხადა, რომ მეგობრების ძალისხმევით, ღონისძიება აუცილებლად შედგებოდა დაგეგმილ დროს. “რას ვიზამთ, საქართველო არ ისვენებს და მხოლოდ იმიტომ, რომ ის ყველაზე ქარიზმატული, ემოციური და ტემპერამენტული ქვეყანაა” - წერდა ვატო.

მაშ ასე, 22-25 სექტემბერი, შეგვიძლია კიდევ ერთ გამარჯვებად ჩავინიშნოთ!

ბათუმი წვიმიანი მასპინძელი გამოდგა, თუმცა ამინდს ხელი არ შეუშლია სტუმრების განწყობისთვის. ჯერ მხოლოდ მეორე წელია, რაც AD Black Sea საქართველოს სარეკლამო ინდუსტრიაში ყველაზე დიდ ღონისძიებას წარმოადგენს და უკვე იქცევა რეგიონის მოწინავე შემოქმდებითი გუნდების აუცილებელ დანიშნულების ადგილად.

***

პირველი დღე ნამდვილი ზეიმით დაიწყო. მოსამზადებელი ორომტრიალის ერთგვარი ბედნიერი დასასრული სახალისო გაგრძელებად გადაიქცა სასტუმრო „ჰილტონის“ ბოლო სართულზე. ვატოს სიტყვებით, მონაწილეების, ორგანიზატორებისა და ჟიურის წევრების ამ დღეს აქ შეკრება თითქმის ზებუნებრივი სასწაულის ძალით მოხერხდა... ამ ზებუნებრივ სასწაულში ალბათ მეგობრული ურთიერთობებიც შედის და მათი მხრიდან, ამ ფესტივალის მნიშვნელობის ღრმად გააზრება.

წვეულება გვიანობამდე გაგრძელდა სალიოს მუსიკალური გაფორმებით.

მეორე და მესამე დღე კი ფესტივალის სამივე პროგრამაზე გადანაწილდა: საგანმანათლებლო (საქართველოსა და საზღვარგარეთის წამყვანი სპეციალისტების სემინარები), კონკურსი (ჟიურის მიერ ნამუშევრების შეფასება) და გასართობი (საღამოს წვეულებები).

***

მეორე დღეს, ანუ - სემინარების პირველ დღეს რომ შედარებით პატარა აუდიტორია იქნებოდა გასაგებიცაა, გამომდინარე წინა დღის მხიარულებიდან. ამიტომ ე.წ. “ადრიანმა ჩიტებმა” საჩუქრებიც დაიმსახურეს [Alta Okay-ს მობილურის პორტატული დამტენები].

დღის გამომსვლელები იყვენენ:

ვატო ქავთარაძე - ფესტივალის ხელმძღვანელი და საქართველოს საკომუნიაციო სააგენტოების ასოციაციის საბჭოს წევრი მისასალმებელი სიტყვით.
 
ელენა უფერევა - რუსეთის სარეკლამო სააგენტო Brandson Branding-ის გენერალური დირექტორი ბრენდ-მენეჯმენტის ეფექტურ ხერხებსა და სტრატეგიების მატრიცაზე.
 
ირინა მუშტინა - CF.DIGITAL, გენერალური დირექტორი უკრაინიდან ტექნოლოგიური სინგულარობის მიჯნაზე მყოფი რეკლამირების შესახებ.
 
იანეშ რაკუშეკი - “სარეკლამო კამპანიების” ჟიურის წევრი, LUNA/TBWA-ს აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი სლოვენიიდან იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყურადღების გადართვა სხვა ასპექტებზე მიზნის მისაღწევად.
 
ანი კვარაცხელია - “აწარმოე საქართველოში” პროექტის ხელმძღვანელი საქართველოში ფილმის გადაღების ბენეფიტების შესახებ.
 
შესვენებისა და შესაბამისად გონების განტვირთვის შემდეგ, აუდიტორია შემდგომ გამომსვლელს განსაკუთრებულად ხმამაღალი აპლოდისმენტებით შეეგება. ცხადია იყო რომ ეკა ყიფიანს დამსწრეთაგან უმეტესობა კარგად ცნობდა, როგორც JWT METRO-ს კრეატიულ დირექტორს და ამჯერად, ფესტივალის ფარგლებში სარეკლამო კამპანიების ჟიურის წევრს. ეკას თემა - “უკან მომავლისკენ: დანიშნულების პროდუქტი”.
 
კოენრაად ლეფევრი - “მედიის” ჟიურის წევრი, Duval Guillaume-ს კრეატიული დირექტორი ბელგიიდან გამანადგურებელი გულგრილობის შესახებ.
 
და ბოლოს, კანის 28 ლომის მფლობელი კატალინ დობრე - “სარეკლამო კამპანიების” ჟიურის წევრი, McCann ბუქარესტის აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი ROM-Mania-ს [რუმინული შოკოლადის Rom-ის სარეკლამო კამპანია] შესახებ.
 
 
სემინარების დასრულების შემდეგ, კატალინს თიბისის გენერირებული ტესტის შევავსებინეთ - #ვინცარუნდაიყო. კატალინი კეთილია!
დელგმა იყო, ზესხმა თუ ზოველა (წვიმის 64 ქართული დასახელებებიდან) არ ვიცი, მაგრამ სასტუმროდან გამოსულები, მიუხედავად ქოლგებისა და საწვიმარებისა, გვარიანად გავილუმპეთ. დაგეგმილი დღის გასართობი პროგრამაც ზოგისთვის აჭარულების დაგემოვნებით, ზოგისთვის კი სასტუმროებისკენ გაშურებით შეიცვალა, მხოლოდ, საღამომდე, სანამ Gate უმაპინძლებდა ყველას Gacha & Ash-ის ელექტრონული მუსიკის ფონზე.
***
მესამე დღეს, სემინარების მეორე ნაწილს, მხოლოდ ვირტუალურად დავესწარი - თიბისელების ორგანიზებული პირდაპირი ტრანსლირების საშუალებით და მომარაგებული გაციების საწინააღმდეგო აბებით, თუ ფხვნილებით. დაჯილდოებამდე უნდა გამოვჯანსაღებულიყავი! ჰო, მართლა, სემინარების ნახვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თიბისის YouTube პლატფორმაზეც.

დღის გამომსვლელები იყვენენ:

გიორგი პოპიაშვილი - “კრეატიული” ჟიურის წევრი, სააგენტო Dora’s Lab-ის დამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი ზოგადად შემოქმდებითი ჯგუფების მუშაობის შესახებ, რაც (არ) იცვლება.
 
ანდრეი ლოგვინი - “დიზაინის” ჟიურის წევრი, Borsch Studio-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი რუსეთიდან კომერციულ ურთიერთობებში მეტი გრძნობის დამატების შესახებ.
 
ვახო ვახტანგიშვილი - “ციფრული” ჟიურის წევრი, Leavingstone-ისა და GeoLab-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი მთავარი ფასეულობებისკენ ლტოლვის შესახებ მაცდუნებელი ტექნოლოგიების ეპოქაში.
 
მინეა გეორგიუ - “ციფრული” ჟიურის წევრი, Publicis ბუქარესტის ჯგუფის შემოქმედებითი ხელმძღვანელი რუმინეთიდან იმის შესახებ, რომ კეთება ფიქრზე მეტია.
 
ფოლკერ ვრაგი - “შემოქმედებითი” ჟიურის წევრი, Havas Worldwide დამფუძნებელი შვეიცარიიდან კეთილშობილების დადებითი მხარეებისა და “Asshole” ფაქტორის აცილების შესახებ.
 
ახლა კი #ვინცარუნდაიყოს სასიამოვნო სიურპრიზების შესახებ, რომლებმაც სემინარებს შორის პაუზები სახალისოდ ამოავსეს - ჯადოსნურს საჩუქრად ჯადოსნური შავი ყუთი ერგო ნამდვილ ბაჭიასთან ერთად, კეთილს - ზღვის ქვებზე დაწერილი ანდაზის სიტყვები, რომლებიც სწორად უნდა დაელაგებინა, მოსიყვარულეს- ჩახუტებების “აბონემენტი” შესაბამისი სათვალ-გულ-ებით, ხელოვანს - საძერწი თიხა, მეამბოხეს დროშა საფრიალოდ, მზრუნველს - პირველადი დახმარების შეკვრა და მოკლე სამაშველო კურსი ადგილზევე, მაძიებელს - უნივერსალური პასპორტი, მმართველს - კაპიტნის ქუდი, ბრძენს - ასაწყობი პაზლი, ხუმარას - იუმორინას ნაკრები, გმირს - “ჰერკულესის” ყუთი მედლით და განსაკუთრებული საჩუქარი გულუბრყვილოს - დელფინებთან ერთად ცურვა!
 
***
 
ფესტივალის ბოლო დღისთვის, შედარებით გამოიდარა კიდეც. დაჯილდოების ცერემონიალი საღამოს იყო დაგეგმილი და დასვნებისთვის, ბახუსის განელებისა, თუ უკვე ნაკლებად სველი ქალაქის დათვალიერებისთვისაც რჩებოდა დრო, სანამ ორგანიზატორები ბოლო შტრიხებს ამზადებდნენ, ამჯერად სასტუმრო შერატონში.
Ad Black Sea-ს მთავარი გზავნილებიდან ერთ-ერთს განსაკუთრებით გამოვყოფდი - ის, თუ როგორ შეუძლია დიზაინს, და ზოგადად შემოქმდებით აზროვნებას, სოციალურ ცნობიერებასა და გლობალური გამოწვევების გააზრებასთან სინთეზში, შექმნას არამხოლოდ თვალისთვის მომხიბვლელი, არამედ საზოგადოებისთვის ფიქრის აღმძვრელი პროდუქტიც; ან უბრალოდ, მოცემული პრობლემა ერთგვარ შესაძლებლობის წყაროდ გადააქციოს. საუკეთესო მაგალითი კი თვითონ ფესტივალის ჯილდოა - კონკურსის ფარგლებში გაცემული ყველა პრიზი - ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო და გრან-პრი - დამზადებულია შავი ზღვის სანაპიროზე გამორიყული პლასტმასისგან - მცირე წვლილი ეკოლოგიური პრობლემის გადაწყვეტაში.
სწორედ ეს გზავნილი წაიღო შინ 101-მა გამარჯვებულმა. აქედან 5 ოქრო და გრან-პრი დარჩა საქართველოში. ეს უკანასკნელი გადაეცა ქართულ სარეკლამო კამპანიას “100% რეალური ვირტუალური რეალობისთვის”, რომელიც სააგენტო Leavingstone-მა განახორციელა.
მთლიანობაში წარმოდგენილი იყო 727 საკონკურსო ნამუშევარი 13 ქვეყნიდან - ორჯერ უფრო მეტი ვიდრე პირველ წელს. თითოეული მათგანი გადანაწილებული იყო რამდენიმე საკონკურსო კატეგორიად: ფილმი და რადიო, ფილმი და რადიოს ხელოვნება, ნაბეჭდი მასალა, დიზაინი და ბრენდინგი, მედია, სარეკლამო კამპანიები.
 
გამარჯვებულთა სრული სიის სანახავად ეწვიეთ ფესტივალის ოფიციალურ გვერდს, თუმცა, აქვე გამოვყოფდი მთავარ ჯილდოებს:
 
ფესტივალის საუკეთესო სააგენტო - Voskhod (რუსეთი)
 
საუკეთესო დამოუკიდებელი სააგენტო - Voskhod
 
ფესტივალის საუკეთესო ნეტვორქი - BBDO NETWORK
 
ფესტივალის საუკეთესო ქართული სააგენტო - Leavingstone
 
 
გასული წლის დაგროვილი გამოცდილების გაზიარება, შემოქმედებითი ენერგიის ერთგვარი გადახალისება და თანამედროვე გამოწვევების შეჯამებასთან ერთად, ახალი მუხტის გენერირება - “გადატვირთვა” შედგა!
ვულოცავთ ყველა გამარჯვებულს, განსაკუთრებით კი - ლივინგსტონის ყველაზე გადარეულ არმიას [სულ 11 ჯილდო მოიპოვეს!] - მათი გამარჯვება, მჯერა, კიდევ ბევრი თანამოქალაქის წარმატების საწინდარი გახდება!
ჩვენი თავგადასავალი უცნაურად შეიკრა. თბილისი-ბათუმის რეისზე სწორედ ლივინგსტონელებთან ერთად აღმოვჩნდით ერთ ვაგონში. დრო ვიხელთეთ და მათ კრეატიულ დირექტორთან - ლეფსორასთან [იგივე ლევან ლეფსვერიძე] ინტერვიუ ჩავწერეთ [იხილავთ ბლოგზე]. ღონისძიების დასრულებისას კი, ბოლოს, სწორედ მათ გამოვემშვიდობეთ...
 
აქვე, მადლობას ვუხდით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს - მათი გულისხმიერებისა და ფინანსური მხარდაჭერის გარეშე ზეიმი ოცნებად დარჩებოდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ აქ შეკრებილმა უამრავმა საერთაშორისო სპეციალისტმა სათანადო ინფორმაცია მიიღეს საქართველოში ვიდეო-პროდუქციის გადაღების შესაძლებლობებზე პროგრამიდან "გადაიღე საქართველოში". ასე რომ, შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის ლანდშაფტები სულ მალე, სხვადასხვა მომნუსხველი ვიდეო-რგოლების ფონზეც დაფიქსირდნენ...
 
ყველაფერი შესაძლებელია! მით უმეტეს გადატვირთვისა და ახალი ენერგიით დამუხტვის შემდეგ!
 
ტექსტი - ნინო კაკიაშვილი | ფოტო - გიორგი ინდუაშვილი
Cover ფოტო - სააგენტო "Windfors" Ad Black Sea-თვის