მთავარი გალერეა ბათუმი მატარებელი ბლოგი გააზიარე
"მომავალი მეხსიერება - ზდანევიჩის წვეულება და მუზეუმი"
EXTRაქტი
16 Dec, 2018
გააზიარე

მაია ჩიკვაიძე; ფოტო: ბობო, ანდრო ერაძე, ზაზა მაღალაშვილი, რეზი ყენია

"ფესტინოვა 2016"- თანამედროვე ხელოვნება გარიყულაში

თანამედროვე ხელოვნების რეგიონული ფესტივალი - "ფესტინოვა 2016" წელს მერვედ ჩატარდა შიდა ქართლის სოფელ გარიყულაში, ბოლგარსკების ისტორიულ სასახლეში და  უკვე ძველი, ტრადიციული ფესტივალების რეესტრში ჩაეწერა.  

მ რვაწლიან პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა  - ფესტივალმა კასპის რაიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა და, რაც მთავარია, "ხალხში გავიდა". წლევანდელი ფესტივალის მაგისტრალური თემა სწორედ ხელოვანისა და თემის დიალოგი იყო.

ადამიანების ხსოვნიდან ამოვარდნილ, მიტოვებულ საზოგადოებივ ადგილებში შეჭრა ფესტივალის კურატორების, მარიამ ნატროშვილისა და დეთუ ჯინჭარაძის მიზანი იყო, რასაც საბოლოო ჯამში, "ფესტინოვა"  ე.წ. "საზოგადოებრივი ხელოვნების" (Public Art-ის) ფორუმად უნდა გადაექცია.

მართლაც, ფესტივალის პირველმა ნაწილმა  ერთი შეხედვით არამხატვრული, მაგრამ "საზოგადოებრივი ხელოვნებისთვის" ტიპიური აქტივობები მოიცვა, მაგალითად, ძველმანების ბაზრობა, ჯგუფური ექსკურსიები ახალქალაქისა და გარიყულას ღირსშესანიშნაობის დასათვალიერებლად,  დისკუსიები თანამედროვე ხელოვნების რაობასა და მდგომარეობაზე...

ადგილის ისტორია - სასახლეები 

სოფლის საზოგადოებრივი ადგილების აღორძინების თემამ, ბუნებრივია, ადგილის ისტორიასაც მეტი აქტუალობა შესძინა. კასპის რაიონის სოფლები: ახალქალაქი და გარიყულა, ეს ერთი შეხედვით ტიპიური,  დაუვარცხნელი ქართლური დასახლებები,  წაქცეული ღობეებით და  მოუვლელი ეზოებით, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ძლიერი კულტურული ინფორმაციის მატარებელია: აქ შემორჩენილი ქართული საერო არქიტექტურის რამდენიმე ნიმუში, კერძოდ „მარშლიაანთ“ და „ბოლგარსკიაანთ სასახლეები“,   ასევე „წერეთლების სახლი“ - თავის დროზე სოფლის სტატუსს უსვამდა ხაზს. 

მარშლიაანთ სასახლე -   ათლწულების მანძილზე თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტური ბაზა, დღეს  კერძო მფლობელობაშია -  მაჩაბლებისა და თარხან მოურავების შთამომავლებმა რესტიტუციის პრეცედენტი შექმნეს და წინაპრების ქონება დაიბრუნეს;  შენობის აღდგენის  საკითხზე დღეს ძეგლთა დაცვის სააგენტო მუშაობს;   

წერეთლების სახლი საკმაოდ დაზიანებულია.  შენობის შენარჩუნებულ ნაწილში კი სოფლის სატყეო მეურნეობის სამსახურია განთავსებული. ბოლგარსკიაანთ სასახლე კი, ბოლო 15 წელია შიდა ქართლის რეგიონის მნიშვნელოვანი კულტურული დაწესებულებას წარმოადგენს. 

კოშკის რეკონსტრუქცია

წელს, ფესტინოვას მრავალწლიანმა მეგობარმა, თიბისი ბანკმა, საკუთარ თავზე აიღო ბოლგარსკების სასახლის კოშკის განახლება-რესტავრაცია.  კოშკი შენობის ყველაზე სახასიათო ელემენტია, რომელიც თავდაპირველად სანათურის ფუნქციას ასრულებდა და ის სოფლის სხვადასხვა ადგილიდან მოჩანდა.  კოშკის ხის დეტალები მთლიანად არის შესაცვლელი და შესაბამისობაშია მოსაყვანი მის პირვანდელ იერსახესთან.  აშენებიდან  დღემდე შენობას  სისტემური  რესტავრაცია არ ჩასტარებია. 

სარესტავრაციო სამუშაოებს სპეციალურად ამ პროექტისთვის მოწვეული ფრანგი რესტავრატორი, შარლ ანრი კორადელო გაუძღვება. სამუშაო პროცესში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის მიმართულების სტუდენტებიც ჩაერთვებიან.

თიბისი ბანკის დახმარებით, კოშკი ორ წელიწადში დაიბრუნებს პირვანდელ სახეს და ის საზეიმოდ   გაიხსნება.

რეფლექსია წარსულთან - "სერვანტების" კულტურა

გარიყულას წლევანდელმა ფესტივალმა,  ადგილის ისტორიის კონტექსტში, ძირითადად სამი ეპოქა დააკავშირა: რევოლუციამდელი,  საბჭოთა  და თანამედროვე, ანუ პოსტსაბჭოთა ხანა. 

კურატორების სურვილი იყო მომხდარიყო რეფლექსია წარსულთან, რომელიც საბოლოო ჯამში საზოგადოებრივი ხელოვნებისა და თუ სხვა, მომიჯნავე  მიმდინარეობის არტეფაქტებში იქნებოდა ასახული. 

საზოგადოებრივი სივრცის კონტექსტში, ძალიან საინტერესოდ წარდგა სოფლის საბჭოთა ისტორია და მისი სოციალური ინფრასტრუქტურა -  კინოთეატრი, იგივე სოფლის კლუბი; ბირჟა; ძველი მაღაზიები; მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა თავშესაფარი - არცერთი მათგანი დღეს აღარ ფუნქციონირებს. სოფელს, პრაქტიკულად არ გააჩნია ე.წ. საზოგადოებრივი სივრცე.  სოფლის კლუბი კი იმდენად დანგრეულია, დიდი ფინანსური დანახარჯების გარეშე,  ძნელია იქ რაიმე სახის შემოქმედებითი ღონისძიების დაგეგმვა. ამიტომაც პირველი ეტაპის დამაგვირგვინებელი გამოფენა წერეთლების სახლში გაიმართა. აქ, კონცეპტუალური ხელოვნების ფორმატში, ძალიან  საინტერესო იყო ჯგუფ „ბულიონის“ იდეა არტ - ობიექტად ექციათ „სერვანტი“-  გვიანი საბჭოთა ხანის ჰიტი - პოლონური „დე-ეს-პესგან“ დამზადებული ბუფეტი,  აგრერიგად რომ უყვარდათ  სოფლებში.  ამ ბუფეტებმა დაიკავა წერეთლების სახლის ზედა სართული და  პროვინციული ყოფის ატმოსფერო შექმნა.

ცალკე "თამაშის" თემა იყო  ვიტრინების გაფორმება ადგილობრივი ოჯახებიდან დროებით წამოღებული ჭურჭლით: ბროლის სასმისები, ყანწები, ფაიფურის პიონერები და შინაური ცხოველები.... მთელი ეს დეკორაცია გარიყულის მცხოვრებთა სახლებიდან თითქმის უცვლელი სახით გადმოვიდა, ისევე, როგორც საოჯახო ფოტოები, რომელთა მიმდევრობით,  ირაკლი ლობჟანიძემ თემატური ნარატივი  შექმნა გარიყულასა და ახალქალაქზე.

პერფორმანსი - კარნავალი ორღანის თანხლებით 

ფესტივალის მეორე ნაწილის  დასკვნითი ექსპოზიცია, 17 სექტემბერს, ტრადიციისამებრ, ბოლგარსკიაანთ სასახლის ეზოში გაიხსნა, ამჯერად -  ნუცა ჩიკვაიძის კურატორობით.

გამოფენა მინიმალისტური იყო -  სულ რამდენიმე ინსტალაციას აერთიანებდა.  ცენტრში, ბეტონის პატარა მოედანზე იდგა ქუჩის ორღანი, უფრო სწორედ, მისი მოდერნიზებული ვარიანტი, რომელზეც მოხეტიალე ახალგაზრდა ფრანგი მუსიკოსი- ალექსის პოლი  (Alexis Paul) უკრავდა.  უნიკალური ხის არღანი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭრით,  სებასტიან შვეცმა  (Sebastien Schuetz) გააკეთა. ალექის პოლი კი მთელს მსოფლიოში მოგზაურობს ინიციატივით Street Organ Ritornellos.

შემოდგომის ცივ ქარში, ორღანის მისტიურ ჰანგებს  ორი ქართველი ქალის იმპროვიზებული ვოკალი "მიუყვებოდა". გარშემო კი მოძრაობდა  სიურრეალისტური, იდუმალი პროცესია - კარნავალი, ილია ზდიანევიჩისეული წვეულებების, ფუტურისტული მანიფესტებისა და  ავანგარდის განწყობით. 

თამამად შეიძლება ითქვას -  უტა ბექაიას, ალექსის პოლის (Sauda Group, Street Organ Ritornellos)  თამთა მანძულაშვილისა და  ნინო აბელიშვილის პერფორმანსი იყო ერთ-ერთი გამორჩეული, რომელიც თანამედროვე საქართველოს სახელოვნებო სივრცეში, ბოლო წლებში შქმნილა; გამორჩეული თავისი ანტურაჟით, ესთეტიკით,  კულტურული მუხტით,  ისტორიული, თუ სტილისტური ალუზიებით.

მეხსიერების ადგილი 

წლევანდელი ფესტივალის საკვანძო პროექტად იქცა  გიორგი ოქროპირიძის "თანამედროვე ხელოვნების პირველი რეგიონული მუზეუმი" - უფუნდამენტო კონსტრუქცია, რომელიც არტ-ვილის ეზოში არსებულ ლითონის კარკასზე აიგო.

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ხელოვანი გიორგი ოქროპირიძე "რეგიონულ მუზეუმს"  "მეხსიერების ადგილად" განიხილავს, სადაც „გროვდება, არქივდება და ხელმისაწვდომი ხდება ინფორმაცია..." 

"გამარჯობა" თიბისი 

"გარიყულას" ყველაზე შემოქმედებითმა მხარდამჭერმა, თიბისი ბანკმა წელს, ტრადიციულად საკუთარი  ინიციატივებით გაამდიდრა ფესტივალი - თანამედროვე მარკეტინგისა და ხელოვნების ერთგვარ სინთეზს წარმოადგენდა თიბისი ბანკის "გამარჯობა" - ნეონის წარწერის კონსტრუქცია, რომელიც არტ-ვილის შენობაზე დამონტაჟდა და ფესტივალის ერთგვარ არტ ობიექტად იქცა.