მთავარი გალერეა ბათუმი მატარებელი ბლოგი გააზიარე
ლინ კოფინი - "ვეფხისტყაოსანი" ისეთი მელოდიურია, რომ მასზე შეიძლება იცეკვო
EXTRაქტი
16 Dec, 2018
გააზიარე
                                                        "მე მივდივარ იმისათვის, რომ სიარული ვისწავლო“
                                                                                                                 ანტონიო მაჩადუ
 

მაჩადუს ეს სიტყვები ლონგ აილენდზე დაბადებული იმ პოეტი ქალის დევიზია, რომელმაც საკმაოდ ბევრი იარა იქამდე, ვიდრე საქართველომდე ჩამოვიდოდა, ქართულ პოეზიასა და კულტურას გაიცნობდა და ჩვენი მთავარი წიგნის - "ვეფხისტყაოსნის" თარგმნას გადაწყვეტდა. ცნობილი ამერიკელი პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი და მთარგმნელი ლინ კოფინი ურთულეს ამოცანას შეეჭიდა, ბოლო ორმოცი წლის მანძილზე შოთა რუსთაველის გენიალური პოემის 16 მარცვლოვანი შაირით შესრულებული, დედანთან მაქსიმალურად მიახლოებული, მუსიკალური, სრულყოფილი თარგმანი შექმნა და არაერთ ლიტერატურულ პრემიასა და პრიზთან ერთად პრემია "საბას" ლაურეატიც გახდა.. 

"ვეფხისტყაოსანი" რთული პოემაა. როგორ აირჩიეთ ის და როგორი იყო თარგმანზე მუშაობის პროცესი?

"ვეფხისტყაოსნის" თარგმნა ჩემმა ქართველმა მეგობრებმა მირჩიეს. როდესაც გავიგე, რომ საუბარი მე -12 საუკუნის ტექსტზე იყო, უმალ უარი ვთქვი. მაგრამ პირველივე სტროფიდან პოემის მუსიკამ ისე დამატყვევა, ყველაფერი დამავიწყა. ბწკარედს დოდონა კიზირია მიგზავნიდა. თან შენიშვნებს ურთავდა. მე დედანს ვუბრუნდებოდი და დიდი გაჭირვებით ვკითხულობდი ყოველ სიტყვას, ვცდილობდი გამომეთქვა თითოეული მათგანი და თავად შემეგრძნო მისი ჟღერადობა. ვეცნობოდი ტექსტის პროზაულ ვერსიას,  მსურდა შინაარსიც კარგად გამეგო. ვკითხულობდი ადრე გამოცემულ ინგლისურ თარგმანებს, რათა ჩავწვდომოდი როგორ შეიძლებოდა ამის პოეზიად გადაქცევა. თუმცა ადრეულ თარგმანებთან დახმარებისთვის მიბრუნება თითზე ჩამოსათვლელ შემთხვევებში დამჭირდა. ყოველივე ამის შემდეგ უკვე ვცდილობდი შაირის ფორმა მიმეცა 16 მარცვლისთვის და ასე მარცვალ-მარცვალ ვპოულობდი რითმას. იცით, ინგლისურში უფრო მეტი სიტყვაა, ვიდრე ქართულ ენაში, მაგრამ გაცილებით ნაკლებია რითმა. რუსთაველს ალბათ ძალიან გაუადვილდებოდა ინგლისური ტექსტის ქართულად გადმოთარგმნა. მოკლედ, ჩემთვის არსებითი სწორედ პოემის მელოდია იყო და მასში არსებული საოცარი მუსიკის შენარჩუნება.. 

ვიცი, რომ სწორედ მუსიკის არარსებობის გამო არ მოგეწონათ უორდროპისეული თარგმანი. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ პოეზიაში ისმოდეს რიტმი, მელოდია? და როგორ მოახერხეთ თავად, რომ ამისთვის მიგეღწიათ?

მე, პირველ რიგში, პოეტი ვარ. პოეტი ვიყავი იქამდე, ვიდრე მთაგმნელი გავხდებოდი. სწორედ ამან მიმიყვანა რუსთაველამდეც. ვიდრე შინაარს გავეცნობოდი, სწორედ მისმა მუსიკამ მიმიზიდა, საოცრად ლამაზია, შეგიძლია მასზე იცეკვო. იმდენად მელოდიურია..  სიმღერასავითაა, ბრწყინვალეა! შემდეგ უორდროპის თარგმანს გავეცანი და გულწრფელად რომ გითხრათ, სრულებით არ მომეწონა. მესმის, რომ ისტორიული მიზეზების გამო ქართველი ხალხი ძალიან აფასებს მის თარგმანს, მაგრამ მარჯორის ინგლისური ძალიან ერთგვაროვანია. ამანაც მიბიძგა თარგმნისკენ. რადგან მიმაჩნია, რომ თუკი უკვე არსებული თარგმანი კარგია, ახლის საჭიროება არ არის. ახალგაზრდობაში უამრავ ლექსს ვწერდი, რითმებს ვცდიდი, ვეჭიდებოდი ვილანელს, სესტინას, პარადელს, რომლებიც პოეზიის ყველაზე რთული ფორმებია.  იმის თქმა მინდა, რომ ჩემთვის ძალზე ნაცნობია ფორმებთან მუშაობა. მაგრამ ეს განსაკუთრებული ტექსტია. ყველაზე რთული მასზე მუშაობაში ის იყო, რომ თითოეული სტრიქონი 16 მარცვლიანია. როდესაც რედაქტირებას შევუდექი, მივხვდი, რომ ინგლისურში გარკვეული უთანხმოებაა იმის თაობაზე, თუ რამდენი მარცვალი აქვს სიტყვას. ერთ ნაწილში სიტყვას ვხმარობდი, როგორც ორმარცვლიანს, ხოლო მეორეგან - როგორც სამმარცვლიანს. მოკლედ, თავად უნდა გადამეწყვიტა, რამდენ მარცვლიანად ჩავთვლიდი სიტყვას და ასე გამომეყენება თითოეული მათგანი მთელს ტექსტში - ეს საშინლად რთული იყო!

"ვეფხისტყაოსნამდე" თარგმნეთ გალაკტიონი, ქართული პროზის და პოეზიის სხვა ნიმუშები. 

რამდენიმე წლის წინ ამერიკაში ”ქართული პოეზიის ანთოლოგია“ გამოიცა, რომელშიც ჩემს მიერ თარგმნილი ძველი ქართული ლიტერატურის ნიმუშები შევიდა. ვთარგმნე თანამედროვე ქართველი პოეტების ლექსებიც. რაც შეეხება გალაკტიონს, მან ისევე გამაოცა და მომაჯადოვა, როგორც რუსთაველმა. გალაკტიონის პოეზია - ეს სრულყოფილებაა. მაგრამ, სამწუხაროდ, არ მოხდა ჩემი და ვაჟა ფშაველას „შეხვედრა“. ვერ მივიღე, რადგან ვაჟა ფშაველა ჩემთვის უფრო ფილოსოფიური ავტორია, ვიდრე პოეტური. 

გამოდის რომ თარგმანსაც ისეთივე შთაგონება სჭირდება, როგორც საკუთარი ლექსის წერას? 

რა თქმა უნდა! ყოველთვის ვამბობ, რომ სიტყვა მაშინვე უნდა თარგმნო, როგორც კი ამის განწყობა ჩნდება. თარგმანის დაწყებისთვის წიგნის ბოლომდე წაკითხვა არაა აუცილებელი, რადგან თუკი ამას შრომად აქცევ, ის განწყობა შეიძლება გაქრეს. მთარგმნელი, ისევე როგორც მწერალი, აგებს ხიდს, რომელზეც მკითხველს უნდა შეხვდეს. მხოლოდ მთარგმნელმა ამ ხიდზე ორიგინალური ტექტიც უნდა გადაატაროს და საკუთარი გულისცემაც. თარგმანისთვის აუცილებელია ორი რამ -  სიცხადე და აღმაფრენა. იაროსლავ საიფერი ვთარგმნე. სწორედ ჩემი თარგმანით წარადგინეს ის ნობელის პრემიაზე, თუმცა მე არ მივიჩნევ, რომ ეს კარგი თარგმანია, რადგან მე არ მიყვარს საიფერი და მისი თარგმანისას არ მიგრძვნია მთავარი - აღმაფრენა.

გარდა იმისა, რომ თავად ხართ პოეტი და პროზაიკოსი, ნობელიანტი ავტორების საღამოებიც მიგყავდათ. ახლოს იცნობდით იოსიფ ბროდსკის, ჩესლავ მილოშს.. 

ბევრ ნობელიანტ მწერალთან მიმუშავია. რაც შეეხება ჩესლავ მილოშს, მასთან ვმეგობრობდი. მისი პირველი ცოლი პოლონელი ქალი იყო. ერთმანეთს სკოლაში შეხვდნენ. წყვილი შემდეგ ბრუკლინში ჩამოვიდა. ცოლი ძირითადად სახლში იყო შეკეტილი, ჩესლავი კი გარემოსამყაროსთან ურთიერთობდა. და საბოლოოდ, მასზე ბევრად ახალგაზრდა ამერიკელ ქალს დაუმეგობრდა. მოგვიანებით, ცოლი გარდაეცვალა და ამ ამერიკელ ქალზე იქორწინა კიდეც. ჩვენთან მოდიოდნენ ხოლმე და ჩვენ -  მე, ჩემი ბოიფრენდი, ჩესლავი და მისი გერლფრენდი მარიხუანას ვეწეოდით. ჩესლავი, უმეტესად, სვამდა, მე კი ძირითადად მარიხუანას ვეწეოდი. მოკლედ, მშვენივრად ვეწყობოდით და ვუგებდით ერთმანეთს. მილოშზე ერთი რამ მახსენდება: მისი წიგნის კითხვის დღე იყო, ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი და ისეთი პირი უჩანდა, რომ მიიღებდა კიდეც ამ პრემიას. თუმცა მისი წიგნები ჯერ კიდევ არ იყო ინგლისურად ნათარგმნი. ხალხს ჩესლავისგან ავტოგრაფი სურდა, მაგრამ წიგნი არ ჰქონდათ. ჰოდა, ერთი ბიჭი მივიდა, რომელმაც ჩესლავს "ჰეკლბერი ფინი" მიაწოდა და სთხოვა, წაეწერა. ჩესლავმაც გაიცინა და ყდაზე წააწერა: "მე არ ვარ მარკ ტვენი, ჩესლავ მილოში ვარ". ამ ამბავზე ყველამ კარგად ვიცინეთ, თუმცა ბიჭი ნამდვილად ჭკვიანურად მოიქცა, ახლა მას აქვს მარკ ტვენის ძვირფასი წიგნი, რომლის ყდაზეც ჩესლავი ამბობს, რომ ის არ არის მარკ ტვენი!

რაც შეეხება იოსიფს, მგონი ჩემი მემუარები "იოსიფ ბროდსკი იყო იოსიფ ბროდსკი" ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია. მისი თანაშემწე ვიყავი და ამან გასაოცარი გამოცდილება შემძინა! ბროდსკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების გულგრილობა თავზარს სცემდა. შედარებით ლიტერატურას ასწავლიდა. ვკითხულობდით კავაფის, ყველა მის საყვარელ მწერალს. მახსოვს, ერთხელ ოდენის "უილიამ ბატლერის ხსოვნას" გავდიოდით, ეს მისი ძალიან ცნობილი ლექსია და კლასს ჰკითხა, თუ რას ფიქრობდნენ ამ ლექსზე. არავის არაფერი ჰქონდა სათქმელი. მაშინ ბროდსკიმ იკითხა: "ნამდვილად იცით, ვინ იყო ოდენი?" არავინ იცოდა, ვინ იყო ოდენი. იოსიფი გაოცებული იყო: "შედარებითი ლიტერატურის სტუნდეტები ხართ და არ იცით, ვინ არის ოდენი?". შოკში აგდებდა ის, რომ ამერიკელებმა არ იცოდნენ ინგლისური ლიტერატურა. "არ ველოდები, რომ რუსული ლიტერატურა გეცოდინებათ, მაგრამ ამერიკული და ინგლისური ლიტერატურა უნდა იცოდეთ!", - ითხოვდა დაჟინებით. ჰოდა მომიბრუნდა და მითხრა: "მოუყევი, ვინ იყო ოდენი". მეც მოკლე ლექცია ჩავატარე ოდენზე. ისევ თავიდან დავიწყეთ ყველაფერი და ისევ ყველა დუმდა. კარგად მახსოვს, მისი შეძრწუნებული სახე, აქეთ-იქით იყურებოდა და ცდილობდა გაერკვია, რა ხდება, რაშია საქმე და სად მოხვდა. ბოლოს სასოწარკვეთილი ხმით იკითხა: "და ის თუ იცით, ვინ არის უილიამ ბატლერ იეიტსი? ლინ, უთხარი, ვინ იყო იეიტსი!".

ბროდსკითან ურთიერთობაზე ლექსი დავწერე, რომელიც აღწერს მასთან მუშაობის გამოცდილებას. ლექსში ვწერ: "წახვედი, მე კი მხოლოდ შენი სტროფები დამრჩა." ძალიან სასაცილო და საოცრად საინტერესო კაცი იყო. ჩემს საძინებელში პოსტერი მაქვს, რომელზეც წერია "კოფინი და ბროდსკი". ძალიან, ძალიან ვამაყობ ამ ნივთით. 

 

ინტერვიუს ავტორი : თეონა დოლენჯაშვილი

ფოტო : ირაკლი შალამბერიძე