მთავარი გალერეა ბათუმი მატარებელი ბლოგი გააზიარე
ჯაზი, რაგბი და ბევრი სხვა #გამარჯობა
EXTRაქტი
16 Dec, 2018
გააზიარე
სწრაფად გარბის დრო მეთქი, დამჩემდა... მაგრამ მერე ამ გაქცეული დროის ნაკვალევს რომ გადახედავ, თითქოს, დრო არც დაძრულა - ისევ იქაა, სადაც იყო, უფრო სწორედ, სადაც ჩვენ ვიყავით... განსაკუთრებით, იქ ჩერდება, სადაც გაოცდი, რაღაც სიახლეს გადაეყარე, უბრალოდ - გახსოვს!
გასული თვე კი იმდენად განსაკუთრებული გამოდგა, ღირს დროის შეჩერებად და სანამ საახალწლო გაწამაწიისთვის ხელებს დავიკაპიწებდეთ, თიბისური ნოემბრის ამბების - ჯაზის, რაგბის, ბიზნეს დაჯილდოების და ბევრი სხვა “გამარჯობის” შეჯამებად.
***
უფრო ადრე, ოქტომბერში, კამპანია #მოდიაქ - ირაკლი ჩარკვიანის ჰიტის 12 მუსიკალური ინტერპრეტაციით გაგრძელდა. გამოხმაურება, აქაც, როგორც მანამდე 12 ცეკვის სტილზე, იმდენად დიდი იყო, რომ ბუნებრივად გადაინაცვლა ნოემბერში და ყველა მომდევნო ამბავსაც თავისებური ელფერი მიანიჭა - უფრო თამამი მოწოდებით, #გამარჯობა, “ვინც არ უნდა იყო” და “მოდი აქ”!

კადრები კომპანია Holmes & Watson-ის მიერ დამზადებული ვიდეო-რგოლებიდან
***
პატარა ქვეყნის პატარა ქალაქში თუ უკვე მეცხრამეტედ ტარდება ჯაზ-ფესტივალი, ესე იგი მთელ მიმდინარეობასთან გვაქვს საქმე - რაც როგორც მსმენელის, ისე ორგანიზატორებისა და ამ ორივე კომპონენტით მოხიბლული შემსრულებლების დამსახურებაა. ჩემთვის პირადად, ჯაზ-ფესტივალი რომ არა, ჯაზი ალბათ მხოლოდ ბავშვობის მოგონებად დარჩებოდა - რეტრო-მულტფილმებისა, თუ შავ-თეთრი ფილმების მუსიკალურ გაფორმებასთან ასოცირებული. იმაშიც დარწმუნებული ვიქნებოდი, რომ ჯაზი არ მიყვარდა და დავეთანხმებოდი ახალგაზრდა ჰარუკი მურაკამის აზრს, რომ ჯაზი თავსმოხვეული ხმაურია და მელოდიასაც აფუჭებს. თუმცა იგივე მურაკამი, წლების შემდეგ ჯაზის ნამდვილ ექსპერტად იქცევა და ორ წიგნსაც მიუძღვნის მის, უკვე საყვარელ, ჯაზის შემსრულებლებს. გავერთე... დავუბრუნდი “დაიჯესტს”...

თბილისის მე-19 ჯაზ ფესტივალი
წლევანდელი თბილისის ჯაზ-ფესტივალი ჯეიმი ქალუმის განუმეორებელი ენერგიით, ნიკოლას პეიტონის იმპროვიზაციით, ქენდი დალფერის გულახდილი სიყვარულითა და გრეგორი პორტერის საოცრად თბილი შესრულებით დაგვამახსოვრდება. წელს, სასიამოვნო ტრადიციასაც ჩაეყარა საფუძველი - მსოფლიო შემსრულებლებთან ერთად, ფესტივალმა ქართველ ჯაზ-შემსრულებლებსაც უმასპინძლა, რომელთა მოსასმენადაც დასწრება თავისუფალი იყო. მოკლედ, თითოეული დღის შესახებ:
10 ნოემბერი - ჯეიმი ქალუმი
ჯეიმის, ჯერ კიდევ ზაფხულში, ბათუმის ჯაზ-ფესტივალზე ველოდით, თუმცა, რიგმა გარემოებებმა (თურქეთი რომ ტურბულენტურ პოლიტიკურ ზონაში შევიდა) ხელი შეუშალა მის ჩამოსვლას. სამაგიეროდ, ამჯერად, მის კონცერტს ორმაგი ენთუზიაზმით ელოდა მსმენელი. თვითნასწავლი მუსიკოსისთვის ბევრი დრო არც იყო საჭირო გახურებისთვის; კონცერტის დაწყებიდან 2-3 წუთში, ის უკვე როიალიდან ხტებოდა, ერთი სიმღერის განმავლობაში, 1001 ინსტრუმენტზე უკრავდა და დარბაზიც სულ მალე გადარია!

ჯეიმი ქალუმის საღამო დიდ საკონცერტო დარბაზში
ეს მუსიკოსი არ გახლავთ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ჯაზმენი, მაგრამ მისი მუსიკის საფუძვლები ჯაზშია... მუსიკასთან მიდგომისა და ეთიკის მეშვეობით, უაღრესად ელეგანტური აკუსტიკური ტერიტორია შექმნა, დეტალებისადმი ზედმიწევნითი ყურადღებით, სადაც მას შეუძლია, თუნდაც, ჰენდრიქსის კომპოზიციას ახალ ორლეანული მარშის იერი მისცეს და ისე გააკეთოს ეს ყველაფერი რომ ადგილი სამივესთვის დარჩეს” - კახა თოლორდავა, ფესტივალის მასპიძელი.
11 ნოემბერი - ნიკოლას პეიტონის ტრიო
ნიკოლას პეიტონი მულტიინსტრუმენტალისტია, თუმცა ძირითადად მაინც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მესაყვირედ თვლიან. ამბობს (უფრო სწორედ, ვრცლად წერს თავის საკუთარ ბლოგზე), რომ ჯაზი მოკვდა და ახალი ორლეანის თანამედროვე მუსიკას, იგივე, “შავ ამერიკულ მუსიკას” (BAM) გვთავაზობს მხოლოდ. ტრიო იმიტომ, რომ მასთან ერთად მისი დიდი ხნის მეგობარი ვისენტე არჩერი (ბასი), რომელთან ერთადაც უკვე 14 წელია უკრავს და ახალი ორლეანის ერთ-ერთი საუკეთესო დრამერი ჯო დაისონია.

ნიკოლას პეიტონის ტრიო - EVENT HALL
საღამომ ივენთ-ჰოლში, საკმაოდ ინტიმურ გარემოში ჩაიარა - მსმენელი მაგიდებთან, მაგიდებზე სანთლები, და შემსრულებელიც ძალიან ახლოს, პატარა სცენაზე... ტრიომ ნიკოლასის რამდენიმე ძველი ალბომის კომპოზიციები შეასრულა და სამიც, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ალბომიდან “AfroCaribbean Mixtape”.
12 ნოემბერი - ქენდი დალფერი
10-წლიანი მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა ჩვენთანაა. იმდენად მოიხიბლა საქართველოთი, თბილისის ქუჩებში 6-საათიანი სეირნობით, რომ ყველას სწორედ აქ ჩამოსვლას ურჩევს. სცენაზე კი, ქენდი, თითქოს, დიდი ხნის ნაცნობი, მხიარული და უპირობო სიყვარულით სავსე მეგობარი იყო. ყოველი სიმღერა მსმენელთან დიალოგით იწყებოდა, რომელიც, სცენიდან ჩამოსვლასთან ერთად, უფრო უშუალო კონტაქტში გადაიზარდა . ცოცხალი შესრულების მისეული ფილოსოფია ინტერვიუში გაგვანდო:
ქენდი დალფერის საღამო დიდ საკონცერტო დარბაზში
 
მინდა ჩემ სამყაროში გაგიტაცოთ და ენერგიით აგავსოთ... ენერგია ხომ ასეთი მნიშვნელოვანია დღეს! ყველა ვშრომობთ, დღიდან დღემდე ვცდილობთ თავის გატანას. აქ მოსასვლელად, მსმენელი თავის შრომით მიღებულ თანხას იხდის, ამიტომ ვფიქრობ, ყველაზე მეტად ჩემგან ენერგია ესაჭიროება; თუმცა, მეც დიდ ძალას ვიღებ სანაცვლოდ... ზოგჯერ, კონცერტის წინ საოცრად დაღლილი, მის შემდეგ ისეთი დამუხტული ვარ, შემიძლია, მთელი ღამე გავათენო მეგობრებთან ერთად... ზოგიერთ შემსრულებელს ხალხის ატირება უყვარს, მე კი პირიქით, მინდა გავამხიარულო, გავალაღო, დავმუხტო მთელი კვირის სამყოფი ენერგიით... ცხოვრება ხომ მოკლეა და ამიტომ ყოველი წუთით უნდა დატკბე!
13 ნოემბერი - გრეგორი პორტერი
საეკლესიო გუნდში გალობდა და ფერმერობაზე ოცნებობდა, თუმცა დღეს, ის 45 წლის, გრემის მფლობელი არტისტია, რომელმაც ძალიან მოკლე დროში შეაყვარა თავი არა მხოლოდ ჯაზის მოყვარულებს. პირადად ჩემთვის, ის აღმოჩენა იყო. ალბათ დილამდე ისე მოვუსმენდი მის მელოდიად ქცეულ ისტორიებს, რომ არ მომბეზრდებოდა. ცნობიერების ტრანსფორმირების უნარი გააჩნია თითქოს, რაშიც არა ნაკლები წვლილი მის თავისებურ, ხავერდოვან ტემბრს მიუძღვის. ბენდის წევრებიც, ალბათ, ერთადერთი კრიტერიუმით - დადებითი, ინტელექტუალური მუხტით იყვნენ შერჩეულები.

გრეგორი პორტერის საღამო დიდ საკონცერტო დარბაზში
 
ერთი მხრივ, მისი შემოქმედება, თითქოს სულია, რომელსაც ძალიან უყვარს ეს სამყარო, მეორე მხრივ, კი მზადაა ნაწილებად დაძიძგნოს. აქ სიმღერის ტექსტებს უნდა მიაქციო ყურადღება. მომღერლის ხმაში არც ერთი ყალბად-სენტიმენტური ნოტი არაა... განგაწყობს მხოლოდ ღრმა სიმპათიისკენ და სიყვარულისკენ. და რამდენჯერაც არ უნდა გავმეორდე, მისი მოსმენისას, მით უმეტეს ცოცხლად, გინდა, რომ უბრალოდ, ყველანაირი განსჯის გარეშე, გიყვარდეს სამყარო...
***
სიახლე იწყება გამოგონებით
11 ნოემბერს, თიბისი გალერეაში, მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის "ლეონარდო და ვინჩი" მონაწილეთა პროექტების გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, “შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი” 2010 წლიდან ატარებს მოსწავლე გამომგონებელთა კონკურსს.
კონკურსი "ლეონარდო და ვინჩი" თიბისი გალერეაში
 
***
როგორც ცალკეულ მოთამაშეს, ისე მთელ გუნდს, ყველაზე მეტად, ალბათ, გულშემატკივარი აძლიერებს. თიბისი ბანკიც, რომელიც წელს რაგბის კავშირის ოფიციალურ პარტნიორად იქცა, თვის დასაწყისიდანვე განსაკუთრებული ძალისხმევით მოეკიდა გულშემატკივართა მობილიზებას. “ბორჯღალოსნებს” - ნოემბრის სამი ტესტ-მატჩი ელოდა:
12 ნოემბერს - ლოკომოტივის სტადიონზე, ამომავალი მზის ქვეყნის მორაგბეებთან შერკინება, ანგარიშით 22-28, იაპონიის სასარგებლოდ; 19 ნოემბერს - სამოას ნაკრების დამარცხება, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაზე, ანგარიშით 20-16. 26 ნოემნბერს - ქილმარნოქის რაგბის პარკზე (შოტლანდია), შოტლანდიის ნაკრებთან 16:43-ით დამარცხება. შედეგად - ბორჯღალოსნები, მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-12 ადგილს იკავებენ, ხოლო მიზნად - ჩვეულზე მეტი ძალისხმევით მობილიზება, როგორც მოთამაშეების, ისე ჩვენი - გულშემატკივრების. მით უმეტეს, რომ 20-წლამდელთა 2017 წლის ჩემპიონატი საქართველოში გაიმართება.

გულშემატკივრები; საქართველო-იაპონია; საქართველო-სამოა; მ. მესხის სტადიონზე; საქართველო-შოტლანდია; გულშემატკივრები ივენთ ჰოლში.
16 ნოემბერს, თიბისი გალერეაში ჩატარებულმა გოგიტა ბუხაიძის გამოფენამ “რაგბი ჩვენი თამაშია” კიდევ ერთხელ შეგვახსენა საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მატჩების გამორჩეული წუთები - 2002 წლიდან დღემდე.
გოგიტა ბუხაიძის ფოტო-გამოფენა თიბისი გალერეაში - "რაგბი ჩვენი თამაშია"
***
თიბისი ბანკისა და ჯეოსელის თანაშემოქმედებით ორგანიზებული ბიზნეს დაჯილდოება 2016 ფინალური ეტაპს მიუახლოვდა. ივნისში წამოწყებულმა წარმატების გაზიარების ექსპერიმენტმა გაამართლა და რეგისტრაციის ბოლო დღეს, 523 მცირე თუ საშუალო ბიზნეს კომპანია დაფიქსირდა. მოღვაწეობის სფეროები, მართვის სისტემები, იდეები, ინოვაციები - ყველა ერთმანეთზე მრავალფეროვანი, უცხო თუ ნაცნობი, ახლა უკვე ერთი ისტორიის გმირებად იქცნენ.
17 ნოემბერს, თბილისის ისტორიის მუზეუმში, გამოვლინდა გამარჯვებული შვიდეული, საიდანაც 6 - დამოუკიდებელმა კომისიამ, ხოლო ერთი - ხალხმა ამოარჩია. ჩანაწერები ღონისძიების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.
“ბიზნეს დაჯილდოება, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა, მონაწილეების ადრენალინით, ღელვით, სიხარულითა, თუ მოლოდინითაა გაჯერებული. უფრო მეტი სიხშირით ფიქრობენ გადადგმულ ნაბიჯებზე, აფასებენ საკუთარ მიღწევებს და ეცნობიან სხვა მონაწილეებს. თუმცა, ამ წამოწყების იდეა, მაინც არა სტატუსის მიკუთვნება, არამედ ერთგვარი მადლობის მოხდაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც, მიუხედავად პირობებისა, საკუთარი კომფორტის, სიმშვიდისა თუ ჯანმრთელობის ფასად, ცდილობენ გარშემომყოფებს უფრო გაუადვილონ, გაულამაზონ, გაუხალისონ ცხოვრება და საკუთარი მაგალითით ძალა შემატონ სხვებსაც”...
ამასობაში...
  • ფინანსურმა ჟურნალებმა The Banker და Professional Wealth Management თიბისი ბანკი ზედიზედ მესამედ დააჯილდოვეს, როგორც საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურების მქონე ბანკი საქართველოში.
  • კულმინაციას უახლოვდება ინტერნეტ და მობაილ ბანკის ციფრული გათამაშება!
  • გუდაურში უკვე თოვლია!
  • 21 ნოემბერს აღვნიშნეთ “გამარჯობის” საერთაშორისო დღე!
  • UNESCO-მ „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას“ მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა!

ტექსტი - ნინო კაკიაშვილი |ფოტო - თიბისი ბანკი