მთავარი გალერეა ბათუმი მატარებელი ბლოგი გააზიარე
ბიზნეს დაჯილდოება 2016 - შესანიშნავი შვიდეული
EXTRაქტი
16 Dec, 2018
გააზიარე
“ქარვასლა”-ს წინ, საღამოს 7 საათიდან უკვე ხალხმრავლობაა. შესავლელშივე, სამახსოვრო ფოტოების გადაღება ნაცნობი სიმბოლური სფეროს წინ, მობილიზებული ორგანიზატორები და შიგნით - საზეიმოდ გამოწყობილი ისტორიული მუზეუმის სივრცე.
ყველაფერი მზადაა სტუმრების მისაღებად და ამ სტუმრებიდან შესანიშნავი შვიდეულის გამოსავლენად. ROOMS-ში, ორიოდე თვით ადრე ჩატარებული გაცნობითი შეხვედრის შემდეგ, ერთმანეთს უფრო თამამად ვემცნაურებით და დროც საკმარისი გვაქვს სამასლაათოდ.
მეორე სართულის აივანზე კი, ორკესტრია განლაგებული, რომელიც, საღამოს აკომპანიმენტად, სიმფონიური ორკესტრისა და ელექტრონული მუსიკის სინთეზს შემოგვთავაზებს [გაიცანით TSU ART ბენდი და DJ ATUKA].
“ბიზნეს დაჯილდოების” მხარდამჭერთა და პარტნიორთა რიგს, ოფიციალურად შეუერთდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ქეთი ბოჭორიშვილიც აქვეა: “ბიზნეს დაჯილდოება ძალიან კარგი პლატფორმაა წარმოვაჩინოთ ჩვენი ბიზნესის წარმატებული მაგალითები. ვფიქრობ, ეს ბევრისთვის იქცევა შთაგონებად საკუთარი ბიზნსის დაწყებისა და განვითარებისთვის. კონკრეტულად ეს ბიზნეს დაჯილდოება, იმითაცაა განსაკუთრებული, რომ მოიცავს მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელიც თავის მხრივ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების უმნიშვნელოვანეს ძალას წარმოადგენს; ჩვენი სახელმწიფო პროგრამებიც [“აწარმოე საქართველოში”, “სტარტაპ საქართველო”] სწორედ მათი სტიმულირებისა და განვითარებისთვისაა შემუშავებული.”
ქეთი დაჯილდოების დამოუკიდებელი კომისიის წევრიცაა. მასთან ერთად, ამ კომისიის კიდევ ერთ წარმომადგენელს ვხვდები - ჟან-ფრედერიკ პოლსენს [ISET-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე], რომელიც უშუალოდ ნომინანტებიდან გამარჯვებულთა გამოვლენის პროცესში იყო ჩართული - “შეფასებისას, ჩემი მთავარი კრიტერიუმი ამა თუ იმ კომპანიის ზრდის პოტენციალი იყო - როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე. რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, კომპანიას ამ დროისთვის ჯერ არ ჰქონდეს დიდი მაჩვენებლები, მაგრამ ჰქონდეს განვითარების დიდი პოტენციალი”.
“ბიზნეს დაჯილდოების” მონაწილე კომპანიები დამოუკიდებელი კომისიის ორმა ჯგუფმა შეაფასა - ჯერ ნომინანტების, ხოლო შემდეგ, გამარჯვებულების გამოსავლენად.
აკო ახალაია [მარკეტინგ-გურუ და Marketer.ge-ს დამფუძნებელი] - ნომინანატების შესარჩევი ჟიურის ერთ-ერთი წევრი: “შეფასებისას, თითოეულ ნომინაციას თავის კრიტერიუმი ჰქონდა და ვცდილობდით, რომ ყველა ნომინირებული კომპანიის მაგალითით, თვალსაჩინო გამხდარიყო თვითონ ნომინაციების არსი და ის მოთხოვნები, რომლებსაც კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს... პირადად მე, ვცდილობდი უფრო იმ “გზავნილზე” კონცენტრირებას, რომელსაც გამარჯვებული გადმოსცემდა ფართო საზოგადოებას. რთული პროცესი იყო, მაგრამ მგონი, შევძელით.” კომისიის ყველა წევრის ვინაობა ამ ამბის ბოლოს იხილეთ.
ვახტანგ ბუცხრიკიძე [გენერალური დირექტორი, თიბისი ბანკი] -“თუ მოინდომებ და ბოლომდე დაიხარჯები, წარმატებას აუცილებლად მიაღწევ. იდეა უფრო მეორეხარისხოვანია, რადგან ნებისმიერი წამოწყება შეიძლება წარმატებულად აქციო, თუ იქნება მონდომება. ეს ღონისძიებაც ამისთვისაა, რომ ადამიანებმა გაიზიარონ და დაიჯერონ ამ ყველაფრის შესაძლებლობა!”
საათზე - 20:20. თსუ არტ ბენდი დაკვრას იწყებს. სცენაზე კი, 5-6 წუთში, საღამოს წამყვანი ჩნდება - ირაკლი კაკაბაძე, თითქოს სულ სხვა ამპლუაში “კოსტუმისადაგამო”, თუმცა, ჩვეულს დაბრუნებული იუმორ-გაჯერებული “შესავლისადაგამო” -
აქ არ არსებობენ დამარცხებულები, მაგრამ ამ საღამოს ეს აუცილებლად შეიცვლება”-ო, ამბობს და “სტენდაპური” მუხტით ბიზნესის შემდგარობისთვის სამ აუცილებელ კომპონენტსაც გვიზიარებს: “კარგი იდეა, იღბალი და დაუღალავი შრომა”. ისტორიაც აქვს, თვალსაჩინოებისთვის, რომლის მოსმენაც, სხვა საინტერესო გამომსვლელებთან ერთად, LIVE-ჩანაწერის დახმარებით ხდება შესაძლებელი.
მაშ ასე, ბიზნეს დაჯილდოება 2016 და შესანიშნავი შვიდეული:
ნომინაციას “წლის მცირე ბიზნესი [ლიმესი, ფოტორატორი, White Studio] წარადგენს დიმიტრი ქუმსიშვილი (ამჟამად, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი) - “როდესაც, რამდენიმე წლის წინ, მეწარმეობის განვითარებაზე ზრუნვა დავიწყეთ, თიბისი ბანკს ეს ყველაფერი ბევრი წლით ადრე ჰქონდა დაწყებული, რადგან ის ყოველთვის ცდილობს გაზარდოს და განავითაროს თავის მომხმარებელი და პარალელურად ხელი შეუწყოს ეკონომიკას. ჩვენ ქვეყანაში, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება, დაწყებითი ბიზნესის ხელშეწყობაა, რაშიც თიბისი ჩვენი მთავარი პარტნიორია...

წლის მცირე ბიზნესი ► White Studio

ნომინაციას “წლის ინოვაციური ბიზნესი[Robocity, სადილი.ჯი, ბიოქიმფარმი] წარადგენენ კომპანია ჯეოსელის წარმომადგენლები ივანე მაჭავარიანი (კომერციული დირექტორი) და მალხაზ ჟორჟიკაშვილი (ბიზნეს მიმართულების დირექტორი) - “ამ ნომინაციაში გამარჯვებული კომპანია დაესწრება ინოვაციების სამიტს, რომელიც გაიმართება 2017 წელს, ლისაბონში. აქ წარმოდგენილი იქნება 1000-მდე ინვესტორი, მსოფლიო მასშტაბით განხორციელებული პროექტები და მოხდება გამოცდილების გაზიარება ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების კუთხით...

წლის ინოვაციური ბიზნესი ► ბიოქიმფარმი

ნომინაციას “წლის ტურისტული ბინზესი[ბანაკი ზეთა, Rafting.ge, ბარბარესთან] ქეთი ბოჭორიშვილი (ეკონომიკის მინისტრის მოადგილე) - “ტურიზმი ჩვენი ერთერთი მთავარი პრიორიტეტია. ბოლო 10 თვის მონაცემებით, გვაქვს 20-პროცენტიანი ზრდა შემომსვლელ ტურიზმში. ბოლო 3 წლის განმავლობაში, გაორმაგდა სასტუმროების რაოდენობა და დასაქმებულთა რაოდენობამ თითქმის 160 ათას ადმიანს მიაღწია...

წლის ტურისტული ბინზესი ► ბარბარესთან

ნომინაციას “წლის ქართული პროდუქტი[Moreislove.com, ბადაგი, კინგსი საქართველო] წარადგენს - ჟან-ფრედერიკ პოლსენი (ISET-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე) - “გამომდინარე იქიდან, რომ მეთვითონაც დავიწყე რამდენიმე ბიზნესი საქართველოში, შემიძლია გითხრათ - საქართველო ნამდვილად ძალიან კარგი ადგილია ბიზნესის კეთებისთვის და ყოველთვის ვურჩევ ჩემ მეგობრებს, ჩამოვდნენ და აქ გააკეთონ ინვესტირება!

წლის ქართული პროდუქტი ► ბადაგი

ნომინაციას “წლის აგრობიზნესი” [სოფლიდან.ჯი, ბიო პროდუქტების კომპანია BPC, ოჯახური] წარადგენს ანი კვარაცხელია (მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი) - “სამივე ნომინანტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია; მათთან ერთად, დიდი ხანია, სხვადასხვა აქტივოებებში ვართ ჩართული, მათ შორის ექსპორტშიც...”

წლის აგრობიზნესი ► ბიო პროდუქტების კომპანია BPC

ნომინაციას “ხალხის რჩეული” წარადგენს აკო ახალია (Silk Road ჯგუფის მარკეტინგის ხელმძღვანელი და Marketer.ge-s დამფუძნებელი) - “კარგი ტრენდი დავიჭირეთ - ახლა, მედია ბევრად უკეთ და უფრო ხშირად აშუქებს მცირე ბიზნესებს. მარკეტერზეც ბევრი გვწერს, რომ განვათავსოთ სტატიები მათ შესახებ, რაც ძალიან კარგის ნიშანია. ეს კონვერტი სიმბოლურად კი გადმომცეს, მაგრამ ვინც უნდა გამოვაცხადო ეს უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის...” 16555 ხმით:

ხალხის რჩეული ► კინგსი საქართველო

ნიკა ქურდიანმა ცალკე აღნიშნა, რომ სულ რაღაც 17 ხმით ნაკლები დააგროვა გამომცემლობამ “წიგნები ბათუმში” - “ამ გამომცემლობამ ბაზრის 20 პროცენტზე მეტი დაიკავა ძალიან მოკლე დროში და აუცილებლად მინდა მივულოცო მათაც; ძლიერი მარკეტინგული კამპანია ჩაატარეს, მაქსიმალურად შეეცადნენ თავიანთ წარმატებაზე ესაუბრათ და მობილიზაცია გაუკეთეს მხარდამჭერებსაც...”
დასკვნით ნომინაციას - “წლის ბიზნესი” წარადგენს მამუკა ხაზარაძე (სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, თიბისი ბანკი) - “დღეს, როგორც წინა შეხვედრაზე გითხარით, ისტორიული მომენტის მომსწრეები ვართ; საქართველოში, თქვენი სახით დაიბადა ბიზნესის ახალი ტალღა, საქართველოს ბიზნესმენების მესამე თაობა, ადამიანებისა, რომლებიც იდეიდან ქმნიან სამუშაო ადგილებს... მიუხედავად ნებისმიერი სირთულისა, თქვენ შექმენით საკუთარი გუნდი, ბაზარი, უზრუნველყეთ საჭირო ფინანსირება და გადახვედით განვითარების ახლა ეტაპზე. პირველი თაობა იყვნენ წითელი დირექტორები და პოლიტიკაში ხელმოცარული ადამიანები...
მეორე თაობა, რომელსაც მე განვეკუთვნები, ის ხალხია, რომელიც 90-იანი წლების ფონზე ცდილობდა გაეკეთებინა რაღაც ახალი; დღეს ვინც წარმატებულია ბაზარზე, ეს იმ თაობის ბიზნესმენები არიან, რომლებმაც სუფთად იარეს დღემდე, შექმნეს სამუშაო ადგილები, პატიოსნად იხადეს გადასახადები და ასე აგრძელებენ ამ პასუხისმგებლობას. თქვენი თაობა არის ის თაობა, რომლის ბიზნესიც უკვე ჩამოყალიბებულ, დამოუკიდებელ საქართველოში წარმოიშვა და რომელმაც თავისი იდეიდან შექმნა ბიზნესი... 523 საწარმო, რომელიც ნოლიდან შეიქმნა, დღეს აქ არის, ერთად და უზიარებს ერთმანეთს წამრატებას; ჩვენ დროს 20 კაციც ვერ იკრიბებოდა... ყველა მნიშვნელოვანია ამ პროცესში, სახელმწიფო მოხელე იქნება თუ ბიზნესმენი, მთავარია ვისწავლოთ ერთმანეთის დახმარება და გვერდში დგომა!..

წლის ბიზნესი ბანაკი ზეთა

ჯგუფური “სელფები”, ფერადი ქაღალდების წვიმა, მილოცვები და ბევრი ღიმილი... ხვალ ახალი სამუშაო დღეა, წინ კი - ახალი წარმატებები. ბიზნეს დაჯილდოება არ გვემშვიდობება და მომავალ, 2017 წლის დაჯილდოებამდე, ბევრ აქტივობას გვპირდება.
ვულოცავთ გამარჯვებულებს და წარმატებებს ვუსურვებთ მონაწილეებს!
PS. როდესაც ვესაუბრებოდი ვახტანგ ბუცხრიკიძეს, მოგვიახლოვდა ადამიანი, რომელმაც სულ სამ წინადადებაში მოაქცია თავის წარმატების ისტორია: “ა) 2014-ში, თქვენგან ავიღე სესხი კომპანიისთვის; ბ) 2015-ში, კომპანიამ თავისი პროგრამა 13 ქვეყანაში გაყიდა; გ) 2016-ში, კი ავიღეთ პირველი ადგილი GITI-ში!” ეს ადამიანი კახაბერ ხელაძეა, ხოლო ეს წარმატების “ტრილოგია” მის კომპანიას FINA -ს ეხება. გაეცანით, მათი ბიზნესის მართვის სისტემები საკმაოდ შთამბეჭდავია!
დამოუკიდებელი კომისიის წევრები:ქეთი ბოჭორიშვილი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეგვანცა მელაძე - ექსპორტის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელიანი კვარაცხელია - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელიჟან-ფრედერიკ პულსენი - ISET-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეაკო ახალაია - Silk Road Group-ის მარკეტინგის დირექტორი, Marketer.ge-ს დამფუძნებელიგიორგი კინწურაშვილი - ინოვაციების სააგენტოს სტრატეგიული დეპარტამენტის უფროსიკენ ვოლში - სან დიეგოს უნივერსიტეტის დეკანიანდრო დგებუაძე - A Live დამფუძნებელი, კავკასიის უნივერსოტეტის ლექტორი, სპიკერირუსუდან მამაცაშვილი - საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის პირველი მოადგილე
 
ტექსტი - ნინო კაკიაშვილი | ფოტო - გიორგი ინდუაშვილი