მთავარი გალერეა ბათუმი მატარებელი ბლოგი გააზიარე
ინტერვიუ ლარის კურსთან დაკავშირებით "თიბისი ბანკის" ფინანსურ დირექტორ გიორგი შაგიძესთან
EXTRაქტი
16 Dec, 2018
გააზიარე

- ბატონო გიორგი ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ ლარი დღეს ზედმეტად გაუფასურებულია და რა არის ამის მიზეზი?
- ლარი ზედმეტად გაუფასურებულია და ამის მიზეზად ორ ფაქტორს ვასახელებთ, ერთია ფუნდამენტალური შიდა ფაქტორები და მეორე გარე ფაქტორები. თუ შიდა ფაქტორებზე ვისაუბრებთ, ნოემბრის მონაცემებით ვიცით, რომ ყველა ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც ლარის კურსზე მოქმედებს თითქმის გაუმჯობესებულია, ექსპორტში 5%-დან 15%-მდე ზრდა გვაქვს, ასევე ფულად გზავნილებსა და ტურიზმში. დეკემბრის მდგომარეობით გვეუბნებიან, რომ იმპორტიც შემცირებულია, რომელიც კურსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე 11 თვის მონაცემებს თუ ავიღებთ ძირითადი მნიშნელოვანი არხებიდან დოლარის შემოდინება დაახლოებით 200 მილიონით არის გაზრდილი. გამოდის, რომ რეალურად ფუნდამენტურ ფაქტორებში გაუმჯობესება გვაქვს. რაც შეეხება რეგიონს, ბუნებრივია ჩვენ რეგიონის ნაწილი ვართ და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს ვერასდროს ავცდებით და მათგან სრულ იზოლირებას ვერასოდეს შევძლებთ, თუმცა რეგიონში თითქმის ყველა ვალუტა ჩვენზე ნაკლებად არის გაუფასურებული დოლართან მიმართებაში. თურქული ლირა, თუ ავიღებთ ორთვიან პერიოდს, უფრო ნაკლებად გაფუჭდა დოლართან მიმართებაში, ვიდრე ლარი. შესაბამისად, როგორც ქვეყნის შიდა ფაქტორები, ასევე გარე ფაქტორები იმაზე მეტყველებენ, რომ დღეის მდგომარეობით ლარი ზედმეტად გაუფასურებულია.
- აღნიშნავენ, რომ ლარის ზედმეტად გაუფასურების მთავარი ინდიკატორი აჟიოტაჟია, ვინ და რატომ შექმნა ეს პანიკა ბაზარზე, როგორია თქვენი მოსაზრება და პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით? 
- რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, რაღაც ტიპის გაუფასურება ლოგიკური იყო, განსაკუთრებით თურქული ლირის გაუფასურებასთან ერთად. ეს ძალიან ლოგიკური იყო და ლარმაც დაიწყო გაუფასურება. ამას დაემატა სხვა ფაქტორებიც.
- პარლამენტის უმრავლესობის წევრების ნაწილის შეფასებით, არსებული კურსი და აჟიოტაჟი ბანკებისა და მიკროსაფინანსოების ბრალი იყო. რა გავლენა აქვს მსგავს განცხადებებს და არის თუ არა ასეთი განცხადებები იმის ინდიკატორი, რომ ასეთი პანიკური და აჟიოტაჟური ფონი შეიქმნას?
- მე მინდა გამოვიყენო ეს შანსი და კარგად ავხსნა, თუ რატომ არ აწყობთ ბანკებს ლარის გაუფასურება და ის, რომ ყველაზე ძალიან ასეთ დროს ბანკები ზარალდებიან. პირველ ყოვლისა ჩვენი აქციების ფასია ფუნტშია დაფიქსირებული, ანუ მყარ ვალუტაში და ლარის გაუფასურება ბუნებრივია, პირდაპირ პროპორციულად აისახება აქციების ფასზე, ანუ პირველი ეს არის აქციონერების ინტერესი. მეორე - ლარის გაუფასურება ჩვენთვის პირდაპირ ზარალს ნიშნავს. ჩვენი საკრედიტო რეზერვები პირდაპირ პროპორციულად ზარალდებიან, როდესაც ლარი უფასურდება. მესამე - ლარის გაუფასურეა ნიშნავს, რომ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენგან სესხი აქვთ იმათ პრობლემები ექმნებათ და შსაბამისად ნაკლები ადამიანები შეძლებენ ამ სესხის თავის ვადაში გასტუმრებას. ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. ბუნებრივია, გესმით, რომ ჩვენ სესხები აშშ დოლარში იმიტომ გვაქვს გაცემული, რომ ვალდებულებები დოლარში გვაქვს მოზიდული, მათ შორის დეპოზიტებიც დოლარში გვაქვს მოზიდული და ამ ადამიანებს დარიცხული პროცენტი დოლარში უნდა გადავუხადოთ. შესაბამისად იმის თქმა, რომ საქართველოში რომელიმე საბანკო დაწესებულება თეორიაშიც კი რაღაც სარგებელს ნახულობს ლარის გაუფასურებით, ელემენტარულად არასწორია.  
- როგორია თქვენი ბანკირების მოლოდინი სამომავლოდ? 
- თუ გრძელ ვადაზე ვისაუბრებთ, ჩვენ მოლოდინი გვაქვს დედოლარიზაციის პროგრამის, რომელიც გამოცხადებულია და აუცილებლად პოზიტიური იქნება და იმ ტვირთს შეამსუბუქებს, რასაც დოლარიზაციის დღევანდელი დონე ქმნის მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით მსესხებლებისთვის. მოლოდინებს რაც შეეხება, აქ ბუნებრივია, მე სპეკულაციისგან თავს შევიკავებ, თუ რამდენი იქნება კურსი მომავალ წელს, ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ფუნდამენტურ ფაქტორებს რაც შეეხება, როგორც უკვე აღვნიშნე ყველა ფუნდამენტური ფაქტორის გაუმჯობესებას ვხედავთ და ამიტომაც ვამბობთ, რომ დღეს ლარი ზედმეტად გაუფასურებულია.