მთავარი გალერეა ბათუმი მატარებელი ბლოგი გააზიარე
მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი
EXTRაქტი
16 Dec, 2018
გააზიარე
 
ორგანიზატორები იწვევენ ყველას, ვისაც მონაცემების ვიზუალიზაცია აინტერესებს და არის დიზაინერი, პროგრამისტი, კომუნიკაციის სპეციალისტი, მკვლევარი ან სტატისტიკოსი.
 
დარეგისტრირება შესაძლებელია გუნდთან ერთად. ამასთან, გუნდის შექმნა ადგილზევეა შესაძლებელი. გუნდში უნდა იყოს სხვადასხვა სპეციალობის 3-6 ადამიანი: დიზაინერი, დეველოპერი, მონაცემების ანალიზისა და კომუნიკაციის სპეციალისტი, ა.შ.
 
ორი დღის განმავლობაში, მონაწილეები იმუშავებენ ღონისძიების პარტნიორი ორგანიზაციების კომუნიკაციის პრობლემებზე. კონკრეტულად კი პარტნიორები წარმოადგენენ მონაცემთა ბაზებს, რომელთა მიწოდება, საზოგადოებისთვის მარტივი და საინტერესო ფორმით სურთ. სხვადასხვა უნარ-ჩვევების ადამიანები, რომლებიც ერთ ჯგუფად დარეგისტრირდებიან შეეცდებიან მათ ამ პრობლემის გადაჭრაში დაეხმარონ. მთავარი მიზანია, ერთმანეთს დაუკავშირდნენ, როგორც სხვადასხვა უნარის მქონე ადამიანები, ისე ორგანიზაციები და ეს გუნდები.
 
ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ეს იქნება კარგი გზა მონაცემების ვიზუალიზაციაზე მომუშავე ადამიანების რაოდენობის გაზრდის და მომავალი პარტნიორული კავშირების შესაქმნელად.
 
მარიამ გამხარაშვილი, ჰაკათონის თანაორგანიზატორი, JumpStart Georgia-ს მკვლევარი და პროექტების კოორდინატორი ამბობს, იდეა მას და მის კოლეგას, ნინო მაჭარაშვილს გაუჩნდათ, ერთი წლის წინ.
 
როგორც გამხარაშვილი ამბობს, თავიდან საორგანიზაციოდ ბევრი რამ ბუნდოვანი იყო, თუმცა კონსულტაციებისა და ბევრი მუშაობის შემდეგ სასურველ შედეგს მიაღწიეს:
 
"ჯამპსტარტის მორიგი წარმატებული ვორქშოფის ჩატარების შემდეგ აუდიტორიას ვკითხეთ, თუ რას ისურვებდნენ მომავალში რომ შეგვეთავაზებინა. ყველამ ერთხმად თქვა, რომ უნდათ რამე პრაქტიკულის გაკეთება და მონაცემთა ვიზუალიზაციის არა თეორიულად არამედ უშუალო ჩართულობით გაცნობა. ბევრი ფიქრის შემდგომ მე და ნინომ გადავწყვიტეთ ცნობილი და წარმატებული ჰაკათონის მოდელი მოგვერგო ჩვენი გამოცდილებისთვის და საქართველოში და სხვა რეგიონებშიც პირველი მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი ჩაგვეტარებინა. ჯამპსტარტში, გვაქვს ფუფუნება, რომ საინტერესო მასალა მრავალი უნარის მქონე ადამიანის ერთობლივი მუშაობის შედეგად შევქმნათ, ჩვენ სწორედ ამ იდეის გაზიარება გვსურს ჰაკათონის მონაწილეებთან ამ 2 დღის განმავლობაში".
 
ორი დღის განმავლობაში თქვენ მენტორობას გაგიწევენ პროფესიონალები მონაცემების ანალიზის, კომუნიკაციისა და ვიზუალიზაციის სფეროში:
 
  • ირაკლი ჭუმბურიძე - ვებ და გრაფიკული დიზაინის სპეციალისტი;
  • ნინო მაჭარაშვილი - კომუნიკაციების სპეციალისტი, მონაცემთა ჟურნალისტი;
  • ნათანი შეინი - ვებ დეველოპერი;
  • ანტონ კამარიანი - ვებ დეველოპერი;
  • დასტინ გილბერტი - მონაცემთა ანალიზის სპეციალისტი;
  • ერიკ ბარეტი - პროგრამისტი, მონაცემთა ბაზის სპეციალისტი;
  • ჯეისონ ედდი - ვებ დეველოპერი;
  • მარიამ ქობულაძე - დიზაინერი და ფრონტენდ დეველოპერი;
  • ზვიად ბარათაშვილი - გეიმ დიზაინერი.
მარიამ გამხარაშვილის თქმით, 4 წლის წინ, როცა მონაცემთა ვიზუალიზაციის საკითხებზე პირველად დაიწყო მუშაობა ბევრს არ ესმოდა, თუ რას აკეთებდა ჯამპსტარტი, თუმცა მას შემდეგ ვითარება შეიცვალა:
 
"ვთვლი, რომ დღეს ვითარება გამოსწორდა. სულ უფრო და უფრო მეტი ორგანიზაცია ცდილობს, დანერგოს თანამედროვე ტექნოლოგიებით კომუნიკაცია და მონაცემების საინტერესო ფორმატით მიწოდება ხალხისთვის. თუმცა, მთავარ ხარვეზს, რასაც ჩვენ ვაწყდებით არის მონაცემთა ვიზუალიზაციისა და უბრალოდ ლამაზი ვიზუალის ერთმანეთში არევა. მონაცემთა ვიზუალიზაციის ნებისმიერი პროდუქტის მთავარი მიზანი მისი ფუნქციონალია და ის მესიჯი, რაც მან აუდიტორიას უნდა მიაწოდოს, დიზაინი კი დამხმარე ელემენტია.
 
რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ის, რომ ინფოგრაფიკები პოპულარული ხდება საქართველოში, მაგრამ მსოფლიო უკვე ამ ტექნოლოგიებს აღარ ჯერდება და ახალ გზებს პოულობს, რომ დააინტერესოს მონაცემებზე დაფუძნებული ამბებით საკუთარი აუდიტორია. ამიტომ საქართველომაც მალე უნდა გაიაროს ამ კუთხით განვითარების ეტაპები და არ შემოიფარგლოს მხოლოდ სტატიკური ვიზუალიზაციებით. სწორედ ამიტომ ვთვლით, რომ დიზაინერების, დეველოპერებისა და მკვლევარების ერთ სივრცეში თავმოყრა დაგვეხმარება ამ მესიჯის ნათლად მიწოდებაში."
 
ღონისძიება ეწყობა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის (ამერიკული საბჭოების FLEX-ის კურსდამთავრებულთა პროგრამის), საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ჯამპსტარტ ჯორჯიას და თი-ბი-სი ბანკის მხარდაჭერით.
 
როგორც თიბისი ბანკის კომერციული დაგეგმარებისა და კონტროლის განყოფილების უფროსი, მაკა ხაბეიშვილი ამბობს, TBC-სთვის მნიშვნელოვანია პროექტები, რომლებიც სიახლეების დანერგვას უწყობენ ხელს:
 
"თიბისი ბანკისთვის მნიშვნელოვანია მხარი დაუჭიროს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც საზოგადოებაში სიახლეების დანერგვას უწყობენ ხელს. ჰაკათონი სწორედ ასეთი ინიციატივაა. ზოგადად, ინოვაციები გვეხმარება, უფრო ეფექტიანად ვაკეთოთ ჩვენი საქმე ნებისმიერ სფეროში. მონაცემთა ვიზუალიზაცია ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა, მისი საშუალებით ნებისმიერი რთულად აღსაქმელი ინფორმაცია, მონაცემები თუ რიცხვები შეიძლება გახდეს მარტივად გასაგები და დასამახსოვრებელი ყველასთვის."
 
ღონისძიებას ორგანიზებას მარიამ გამხარაშვილი, ნინო მაჭარაშვილი, გვანცა კობერიძე და სანდრო დოლუა უწევენ.  
 
 
BY - ON.GE