მთავარი გალერეა ბათუმი მატარებელი ბლოგი გააზიარე
ერთად უფრო მეტს შევძლებთ
EXTRაქტი
16 Dec, 2018
გააზიარე
 

თიბისი სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმამ თქვენთან ერთად უკვე ათამდე პროექტი დააფინანსა.

ეს ულამაზესი უსურიის ვეფხვი უკვე თბილისის ზოოპარკის ბინადარია. საჩუქარი საქართველომ რიგის ზოოპარკიდან მიიღო. იმედია, ახალ გარემოს მალე შეეჩვევა და მის სანახავად მისულ უამრავ ადამიანს არ იუცხოვებს. ჯერჯერობით ის ერთადერთი ვეფხვია, რომელმაც 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ, თბილისის ზოოპარკში დაიდო ბინა. მისი ხანგრძლივი მგზავრობა, რომ ნაკლებად დამღლელი და კომფორტული ყოფილიყო, ამაზე თიბისი სტატუსმა იზრუნა. გახსოვთ ალბათ, რამდენიმე დღის წინ, როგორ დაეძებდნენ ბავშვები ვეფხვს ზოოპარკში, ახლა უკვე შეგიძლიათ თქვენს შვილებთან ერთად მოინახულოთ და რაც ყველაზე მთავარია, მისი სახელის შერჩევაში მიიღოთ მონაწილეობა.

მათი ოცნება ახდა. დღეს ისინი საერთაშორისო არენაზე უკრავენ. ჯგუფი Four Lines Tallinn Music Week-ში მონაწილეობს და მსოფლიოს 33 ქვეყანას შორის საქართველოს წარმოადგენს. პრესტიჟული მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორები, ქართველი მუსიკოსებით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც მათი ჩანაწერები მოისმინეს და 4 მეგობრის სახელზე ტალინიდან ქუთაისში მოწვევა გამოაგზავნეს.  ფესტივალი  ესტონეთის დედაქალაქში 27 მარტიდან 2 აპრილამდე იმართებოდა. მასში მონაწილეობა გოგონებისთვის ახალ შესაძლებლობებს, ახალ კონტაქტებს, მსმენელთა ბევრად დიდ აუდიტორიას და დიდ მღელვარებას ნიშნავს.
Four Lines-ს ტალინში გამგზავრებაში თიბისი ბანკის საქველმოქმედო პლატფორმა statusdonates.ge დაეხმარა, ისევე როგორც, ცოტა ხნის წინ, ანა ჩუბინიძეს ნიუ-იორკში საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა.
რომ არა თქვენი აქტიურობა, მხიარული „ჯიბის კაცი“ ცენტრალური პარკის ამ მშვენიერი ხედით ვერ "დატკბებოდა".
"ჯიბის კაცი" ანას მიერ შექმნილი ანიმაციული ფილმია, რომელიც New-York International Children's Film Festival -ის ჟიურიმ და მაყურებელმა 12 საუკეთესო საბავშვო ფილმს შორის დაასახელა. ეს ფესტივალი კი ისეთი პრესტიჟულია, წელს 2500 მსურველი დარეგისტრირდა მონაწილეობის მისაღებად, მათგან მხოლოდ 100 საუკეთესო შეირჩა და სწორედ მათ შორის მოხვდა ახალგაზრდა ქართველი მულტიპლიკატორის ნამუშვარიც. 
ანაჰიტი 10 წლის ვირტუოზი პიანისტი გოგონაა ახალქალაქიდან, რომელსაც განსაკუთრებული საფორტეპიანო მონაცემები აქვს. ელისო ბოლქვაძემ უკვე მოუსმინა ანაჰიტს და მისი განსაკუთრებული და იშვიათი მუსიკალური ნიჭი აღიარა. სულ მალე, გოგონას პარიზში ცნობილი პედაგოგი და მეთოდოლოგი მიშელ სონი  მოუსმენს. ჩვენ ყველანი ველით მიშელ სონის შეფასებას, რამაც შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს პატარა პიანისტის მომავალი.
გითამაშიათ „აფორიზმობანა“?  მხიარული ლოტო, რომელიც ქართულ აფორიზმებზეა დაფუძნებული, „თამაშობანამ“  შექმნა და ის უკვე პიპულარულია ბავშვებში. ნინი ჩიქოვანმა და ნონა სონღულაშვილმა გადაწყვიტეს, რომ ეს სახალისო თამაში ყველა ბავშვისთვის გახადონ ხელმისაწვდომი. „აფორიზმობანას“ სათამაშო დაფები ერთი მხრიდან ბრაელის შრიფტით დაბეჭდეს, რომ უსინათლო და მცირედმხედველმა ბავშვებმა თავიანთ თანატოლებთან ერთად გართობა შეძლონ.  იმისათვის, რომ საქართველოში მცხოვრებ 300-მდე უსინათლო ბავშვს „აფორიზმობანა“ საჩუქრად გადაეცეს, თანხის ნახევარი უკვე შეგროვილია. 
გიორგი ქობელაშვილი უნიკალური ადამიანია, მისი ისტორია გულგრილს არავის ტოვებს. მხედველობის დაკარგვის მიუხედავად გიორგიმ საყვარელ საქმეზე უარი არ თქვა, შეიმუშავა განსაკუთრებული ტექნიკა და ხატვა გააგრძელა. დღეს ის მსოფლიოს იმ რამდენიმე უსინათლო მხატვარს  შორისაა, ვინც აქტიურად მოღვაწეობს და პერსონალურ გამოფენებსაც აწყობს. რამდენიმე თვის წინ  მისი ნამუშევრების ექსპოზიცია თიბისი გალერეაში გაიმართა. ახლა კი ის პოლონეთში, საერთაშორისო გამოფენაზეა მიწვეული, რისთვისაც ნამუშევრების ახალ სერიას ქმნის. ვარშავაში გასამგზავრებელი თანხის შეგროვებაში გიორგი ქობელაშვილს პლატფორმა statusdonates.ge-ს მეშვეობით თქვენც შეგიძლიათ დაეხმაროთ.
ინოვაციური საქველმოქმედო პლატფორმა www.statusdonates.ge თიბისი სტატუსმა სამი თვის წინ დააფუძნა. აქ თქვენ ნახავთ საინტერესო ისტორიებს და ადამიანებს, რომლებიც ჩვენი მხარდაჭერით მეტ  წარმატებას მიაღწევენ და ახალი შესაძლებლობები მიეცემათ.  დაარსებისთანავე, თიბისი სტატუსის სახელით სამი პროექტი სრულად დაფინანსდა - სოფელ ძეგვში არსებულ თავშესაფარს გამოეყო თანხა შენობის რეაბილიტაციისთვის და იქ სასწავლო-შემეცნებითი კლასების მოსაწყობად; მოსწავლე-გამომგონებელ ბავშვთა კონკურსის „ლეონარდო და-ვინჩის“ გამარჯვებულებს სტატუსის ერთწლიანი სტიპენდია დაენიშნათ, ხოლო შემოქმედებითი განათლების სტუდია CES უახლესი აუდიო სისტემით დასაჩუქრდა, რითაც ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ საერთაშიროსო სტანდარტის განათლება საქართველოშიც მიიღონ.
შემოგვიერთდით, ერთად ჩვენ უფრო მეტს შევძლებთ.  
 
ავტორი: სოფო კვინტრაძე
ფოტო: გიორგი მაისურაძე, მზია შარაშიძე